უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და არეულობის შემოტანის მცდელობაზე საუბრობს.
მათი განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოდოლიაკი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ქვეყნის შიდა პროცესებში ჩაერიონ.
“პოდოლიაკის განცხადება არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარკვეულწილად მოახდინონ ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ შიდა პროცესებში ჩაერიონ და რაღაცნაირად შეუწყონ ხელი, რომ ის მუხტი, რომელიც მილევად რეჟიმშია აქციებთან მიმართებით, რაღაცნაირად გაამყარონ. თავისი ამ განცხადებით, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი მიზანია საქართველოში იყოს ის ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნის ინიციატორი და იმ პროცესებში ჩართული, რომლისკენაც უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ მოგვიწოდეს. გვესმის, რომ მათ გეგმებში არ იყო “ქართული ოცნების” გამარჯვება, მაგრამ მათ მოუწევთ პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს. ეს არის საქართველოს მოსახლეობს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სწორედ მოსახლეობის მიერ ლეგიტიმაცია მიცემული ხელისუფლება გააგრძელებს ამ ქვეყნის აღმშენებლობას და უსაფრთხოების გაძლიერებას”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს.