„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცედურებს გადის.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ადმინისტრაციაში შეტანილი ხელმოწერების შემოწმება დასრულდა და რეგისტრაციისთვის პროცედურები გრძელდება.
„პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოს“ ცესკოში შემოტანილი ჰქონდა 50 608 ხელმოწერა, ამ ეტაპზე დასრულებულია ხელმოწერების შემოწმება და მიღებულია შესაბამისი აქტი. ამჟამად გრძელდება პროცედურები, საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციისთვის კანონი ადგენს 10-დღიან ვადას. ყველა ეტაპის გავლის და რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო“, – აცხადებენ ცესკო-ში.
საარჩევნო რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა თავად „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ, თუმცა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისმა პარტიამ რეგისტრაცია უკვე გაიარა და „2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა“.