
ფაქტობრივად, ჩვენ ახლა გვიწევს ალეკო ელისაშვილის ჩემთვის გადაუმოწმებელ არასანდო ინფორმაციაზე მსჯელობა. მე ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩემი წარმოდგენით, ამ ინფორმაციას საერთოდ არანაირი ღირებულება არ აქვს, – ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ ლიდეი, იაგო ხვიჩია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მას აქვს: სანდო ინფორმაცია რომ „ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად.
იაგო ხვიჩიას თქმით, მას არ გაუგია ამ ინფორმაციის შესახებ.
„ჩემამდე არ ყოფილა მოსულა ეს ინფორმაცია, რადგან ხელისუფლებამ იცის, როგორც წესი, ვინ უნდა მოატყუოს და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომელსაც მერე ოპოზიცია ერთმანეთში ავრცელებს. ჩვენ არ ვყვებით ასეთ ინფორმაციებს გადაუმოწმებლად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, „თვლის თუ არა, რომ ხელისუფლებიდან გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციაში“, ხვიჩიამ აღნიშნა:
„აბა, როგორ შეიძლება, სხვა ინფორმაციაზე ამბობდე, თუ ეს ხელისუფლებიდან არ მომდინარეობს, რომ შენ იცი ასეთი ინფორმაცია. ახლა არ მგონია, ტრამპთან ჰქონდეს ურთიერთობა ბატონ ალეკოს, რომ მას ეთქვა, მე დავურეკავ ბიძინას და არჩევნები ჩაინიშნებაო.
ზოგადად, შემოდგომაზე ისედაც არის არჩევნები და ვინმეს არჩევნებისთვის მომზადება და მარათონი თუ უნდა, უკვე ჩართული უნდა იყოს, თუმცა მგონია, რომ ბატონ ალეკოს თვითონაც მაინცდამაინც არ სჯერა ამ ინფორმაციის და დანარჩენ ოპოზიციას – მით უმეტეს. არ ვამბობ, რომ ეს გამორიცხულია, მე უბრალოდ ამის დაზუსტებული ინფორმაციის არსებობის შესახებ არ მჯერა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორ შეიძლება, ჟურნალისტი ამას უსმენდე და ერთხელ არ ჩაეკითხო, რას გულისხმობს, საიდან მოიტანა და რამ დაგარწმუნა ამაშიო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.