„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ვივამედში“ განუცხადეს, ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ, წუხელვე დატოვა.
„ჩვენთან იყო, გუშინ საღამოს გაეწია ამბულატორიული მომსახურება და გუშინვე გაეწერა“,- განაცხადეს „ვივამედში“.
ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა ალეკო ელისაშვილის ადვოკატს, გიორგი რეხვიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის, მათ ელისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
„გუშინ დატოვა „ვივამედი“ და გადაიყვანეს ისევ დუშეთის იზოლატორში, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. სამედიცინო დაწესებულება ინფორმაციას არ გვაწვდის. კლინიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა დროს მოითხოვს. რამდენიმე საათში გვეცოდინება, როდესაც გადმოიყვანენ თბილისში, ვინაიდან დღეს პროცესი მიმდინარეობს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. გამომძიებლისგან ზარს ველოდები, სხდომა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინიშნოს“,- განაცხადა ადვოკატმა.