ალავერდის მონასტერში დაზიანების განსაზღვრის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

18
spot_img

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანების განსაზღვრის შემდეგ ალავერდის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ადგილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი აცხადებს, რომ გუშინდელი სტიქიის შედეგად დაზიანებულია ყველა სახურავი.

„გარდა ამისა, ქვემოდან როცა ვუყურებთ, რომ გუმბათის კარავს მოხსნილი აქვს თუნუქი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან ამ ქარბორბალას დარტყმის ძალა იყო ძალიან დიდი. ამიტომ უნდა ინახოს, ხომ არ არის რაიმე ბზარები თვალით უხილავი, რომელიც ადგილზე უნდა შემოწმდეს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, მიმდებარე სოფელში დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.

„სამუშაოები გაგრძელდება. რაც შეეხება ტაძარს, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შესაბამისად, მარტივი სამუშაო არ არის, აქედან გამომდინარე, საჭიროა ღრმად შესწავლა, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესები”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიის შემდეგ მოხდა მყისიერი რეაგირება.

„საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვაქვს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვათვალიერებთ ადგილზე, თუ რა ზიანი და ზარალი მივიღეთ, რომ შემდგომ მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება”, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.