აკრძალვის ზღვარზე: რუსეთმა შეიძლება სომხური ვარდების იმპორტი შეაჩეროს – Deutsche Welle

19
spot_img

გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით აკრძალვის ზღვარზე: რუსეთმა შეიძლება სომხური ვარდების იმპორტი შეაჩეროს. რას ნიშნავს მოსკოვის განზრახვა სომხეთისათვის?“ (ავტორი – არშალუის მღდესიანი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის პრობლემები.

„2025 წლის 16 ივნისიდან „როსსელხოზნადზორს“ განზრახული აქვს სომხეთიდან ყვავილების იმპორტი შეაჩეროს, რაც პროდუქციაში საკარანტინო მავნებლების აღმოჩენით არის განპირობებული. მხარეებს შორის აქტიური მიწერ-მოწერა მიმდინარეობს, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობის საგრძნობი გაცივების ფონზე, სომხეთის დაახლოების გამო ევროკავშირთან და აშშ-სთან. არის თუ არა დაგეგმილი სანქცია ერევანზე მოსკოვის ზეწოლის გამოვლინება და როგორ გადაწყვეტენ მხარეები პრობლემას?’, – ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ ამონარიდებს:

რუსეთის აკრძალვა – შანსი თუ დარტყმა სომხეთისათვის?

სომხეთიდან რუსეთში ყვავილების ექსპორტი ყოველწლიურად მატულობს: როგორც „როსსელხოზნადზორი“ იტყობინება, 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთში შეტანილი იქნა 52 მილიონი ყვავილი, რაც 49%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (34,7 მილიონი). თუმცა მიმდინარე წელს ცამეტჯერ იქნა გამოვლენილი ყვავილების დაავადება.

სომხეთის ფიტოუსაფრთხოების საინსპექციო ორგანოსა და „როსსელხოზნადზორს“ შორის მიმდინარე დისკუსიის ფონზე გაისმის სხვადასვა საექსპერტო შეფასებებიც.

სომეხი აგრარიკოსის არუთინ მნაცაკანიანის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ყვავილებით ვაჭრობის სავარაუდო აკრძალვა-შეჩერებაზე მოულოდნელი არ ყოფილა. იყო იმის ნიშნები, რომ რუსეთი შეამცირებდა ისეთი პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოება მას საკუთარ ტერიტორიაზეც შეუძლია. „რა თქმა უნდა, სომხეთის მეყვავილეობის დარგისათვის „როსსელხოზნადზორის“ გეგმები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს – შემცირდება როგორც უშუალოდ სომეხი ბიზნესმენების მიერ სათბურებში გამოზრდილი ყვავილების ექსპორტი რუსეთში, ასევე იმპორტი მესამე ქვეყნებიდან, რაც ასევე წამგებიანი იქნება სომეხი მეწარმეებისათვის“, – ამბობს არუთინ მნაცაკანიანი, – ბოლო დროს ბევრი სომეხი ბიზნესმენი გადაერთო მებოსტნეობა-მეხილეობის დარგიდან მეყვავილეობაზე“.

ტექნიკური დავაა თუ საქმე პოლიტიკაშია?

ერთი შეხედვით, საკითხი ტექნიკური დავის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც პროდუქციის ხარისხს ეხება. მაგრამ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის გაუარესების კონტექტსში ეს ეპიზოდი უფრო ფართო პოლიტიკურ აზრს იძენს. რუსეთთან დამოკიდებულებაში გაჩენილი პრობლემების ფონზე, სომხეთი თანმიმდევრულად განამტკიცებს ურთიერთობას აშშ-სთან და ევროკავშირთან, რაც მოსკოვში გეოპოლიტიკურ შეტრიალებას განიხილება.

ამ ფონზე სანიტარული პრეტენზიები სომხეთის მიერ ხშირად აღიქმება ზეწოლის ინსტრუმენტად – როგორც სომეხი კომენტატორები აღნიშნავენ, რუსეთის მოქმედების მსგავსი პრეცედენტები წინა წლებში შეიმჩნეოდა მოლდოვასთან და საქართველოსთან მიმართებით.

რა შუაშია საქართველო?

სიტუაციას დამატებით სიმწვავეს აძლევს ის ფაქტი, რომ სომხური ექსპორტი უკვე მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება. ბოლო კვირეებშიგაურკვეველი რჩება სომხური ალკოჰოლური პროდუქციის ტრანზიტის საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე: კონიაკით და ღვინით დატვირთული ათობით ავტოფურა (ავტოტრაილერი) აღმოჩნდა დაბლოკილი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, სომეხმა ბიზნესმენებმა კი საგრძნობი ზარალი განიცადეს. მართალია, ივნისის დასაწყისში საკითხის დარეგულირების რაღაც იმედი გაჩნდა – ქართულმა მხარემ სომხურ ავტოტრაილერებს რუსეთის მიმართულებით წასვლის ნება დართო.

სხვათა შორის, ინციდენტი მოხდა სომხეთ-საქართველოს საზღვარზეც, 6 ივნისს, როცა ქართულმა მხარემ 11 ათასი ყვავილის ტვირთი დააკავა, ფიტოუსაფრთხოების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ საქართველო სომხური ყვავილების გაყიდვის ერთ-ერთ უდიდეს ბაზრად ითვლება: 2024 წელს საქართველომ 19101 ტონა ყვავილების იმპორტი მოახდინა (11,4 მილიონი დოლრის ოდენობით), სადაც სომხეთის წილი 659 ტონა იყო (3,23 მილიონი დოლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი საქართველოსთვის ყვავილების პროდუქციის მოცულობით, მესამე ქვეყანას წარმოადგენს, თურქეთისა და ეკვადორის შემდეგ.

„საზღვარზე მომხდარი ინციდენტები მოწმობს, რომ სომხეთის საგარეო ვაჭრობა მოწყვლადია რეგიონული ფაქტორების გამო“, – აღნიშნავს „დოიჩე ველესთან“ საუბარში ეკონომისტი გრანტ მიქაელიანი. იგი თვლის, რომ სომეხი მეწარმეებისთვის რუსული ბაზარი მთლიანად არ დაიხურება, მაგრამ არ გამორიცხავს მიზანმიმართულ შეზღუდვებს ცალკეულ სექტორებში.

„არ ველოდები მასშტაბურ ემბარგოს ან ტოტალურ აკრძალვებს, მაგრამ წერტილოვანი დარტყმები ცალკეულ დარგებზე სრულიად შესაძლებელია. მათი მიზანია ზეწოლა მეწარმეებზე, რათა მათ, თავიანთი მხრივ, ერევანში მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების ლობირება მოახდინონ და არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება“, – აღნიშნა გრანტ მიქაელიანმა.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ