,,ახლო აღმოსავლეთის შესახებ, ძალიან მოკლედ”- ამირან სალუქვაძე

155
spot_img
ახლო აღმოსავლეთის შესახებ, ძალიან მოკლედ
7 აპრილს დავწერე, ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ იცვლება მეთქი. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის შუამავლობით, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა.. მალე საელჩოებს გახსნიან.
ეს შეირგება არაა ცალკე აღებული მოვლენა, არამედ დიდი პროცესის ნაწილია.
საუდის არაბეთი განიხილავს ხუსიტებთან სტაბილურ დაზავებას და იემენში კონფლიქტის დასრულებას. მხარეები უკვე მუშაობენ პორტების და აეროპორტების სრულად გახსნაზე.
საუდის არაბეთში ჰამასის ლიდერების შეხვედრა გადაიდო, თუმცა პროირანულ დაჯგუფებებთან ურთიერთობები არ შეიძლება ისრაელის შეშფოთებას არ იწვევდეს.
ბოლო პერიოდში საუდის არაბეთის ურთიერთობების გაცივებას აშშ-სთან და დათბობას რუსეთთან ყველა შეამჩნევდით. მიუხედავად CIA-ს შეფის ვიზიტისა, ნავთობის ბაზარზე რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმებულ მოქმედებებს აგრძელებენ.
ნავთობის ფასის დაგდება ვერ მოხერხდა. ის ისევ რუსეთისთვის კომფორტულ ზონაშია და 80 დოლარის ნიშნულზე მერყეობს. ექსპერტები გაძვირებასაც მოელიან. აშშ-ის რეზერვები 40%-მდეა შევსებული, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ მომხმარებელს რეზერვების ან შევსება, ან შენარჩუნება მოუწევს.
ახლახანს შედგა სირიის ლიდერის ვიზიტი საუდის არაბეთში. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. იგეგმება სირიის დაბრუნება არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში.
ორი დღის წინ კი, მოსკოვში, რუსეთის, თურქეთის, ირანის და სირიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგა. ასტანის სამეული არაა ახალი ფორმატი, სირიის საკითხის ირგვლივ შეიქმნა მაგრამ სირიის წარმომადგენელთან ერთად არასდროს შეკრებილან. გახმოვანდა სირიის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რაც თურქეთის მხარდაჭერის გამო სირიაში ამერიკას პრობლემას უქმნის. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დატოვებენ სირიას, თუმცა გამოწვევაა.
ეს ყველაფერი ხდება აშშ-ისრაელის ურთიერთობების გაგრილების და ისრაელში გამვითარებული მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე.
წლების წინ, როცა სირიის კონფლიქტის შესახებ ანალიზს ან ვიდეო ბლოგებს ვწერდი, ისევე როგორც სხვა კოლეგები, ხშირად აღვნიშნავდი, რომ ახლო აღმოსავლეთში, მ.შ. სირიაში უამრავი გარე აქტორის (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი, რეგიონის ქვეყნები) ინტერესებია გადაკვეთილი. როცა იწყება ურთიერთობების გადალაგება, არსებული სტატუს-კვოს შეცვლა, ეს ყოველთვის იწვევს თანმდევ პროცესებს, უკურეაქციებს.
საინტერესო იქნება რა რეაქციები ექნება ამ პროცესებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ისრაელს. იყო ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების გააქტიურების მოლოდინი, თუმცა ზემოთ აღნიშნული პროცესის ფონზე, განსაკუთრებული არაფერი შეიმჩნევა. მეტიც, ისრაელი საფრთხედ არიქვამს პირველ რიგში ირანის და პროირანული დაჯგუფებების დიპლომატიურ აქტივობებს.
არც ამერიკის მხრიდან ვხედავთ რაიმე აქტიურ ნაბიჯებს. შესაძლოა ეს უკრაინაში რუსეთის აგრესიით იყოს გამოწვეული, რადგან უკრაინის მხარდაჭერის, ასევე ტაივანი-ჩინეთის საკითხის კუთხით დიდი ძალისხმევა და რესურსებია მიმართული.
ეს ბლოგი მხოლოდ ზედაპირული მიმოხილვაა, სიღრმისეული ანალიზის და შეფასებების, მით უმეტეს, პროგნოზების გარეშე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ახლო აღმოსავლეთი იმდენად რთული რეგიონია, როცა გარკვეულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადალაგება და დათბობა იწყება, ეს პროცესი საფრთხედ აღიქმება სხვა აქტორებისთვის, რაც სამომავლოდ ახალი, შესაძლოა ადრინდელზე გაცილებით მწვავე დაძაბულობების მიზეზად შეიძლება იქცეს.