ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. Მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას, გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა, უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კვალდაკვალ, ორშაბათს გავაკეთე განცხადება, რომ მე და გიორგი გახარიას პირისპირ დაგვეწყო მოლაპარაკებები იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს, დაამარცხოს „ქართული ოცნება“ და მიაღწიოს ევროპულ მომავალს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე გვერდზე გადავდე წარსული რთული ურთიერთობა გიორგი გახარიასთან. ამ მოლაპარაკებებს მოვეკიდე სრული სერიოზულობით იმიტომ, რომ მქონდა და მაქვს ერთადერთი მიზანი – საქართველოს უკეთესი, ევროპული მომავალი!
გუშინ პრზიდენტთან შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და გახარიას პარტიას თანასწორ პირობებში აყენებდა. გეგმის მიხედვით, ჩვენ გავერთიანდებოდით ნომერი 9-ის ქვეშ და დავდებდით პირობას, რომ არასდროს შევუწყობდით ხელს „ქართული ოცნების” მთავრობის შექმნას, დავასრულებდით ანაკლიის პორტის პროექტს დასავლური ინვესტიციებით, რაც შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს. ამ ახალი გაერთიანების მართვა ასევე მოხდებოდა სრული პარიტეტით. მე ეს შეთანხმება განვიხილე კოალიციის პარტნიორებთან, მათ კი სრულად დამიჭირეს მხარი. ჩემი მზაობა ხელმოწერასთან დაკავშირებით გუშინვე დავაფიქსირე მედიასთან.
დღეს მზად ვიყავი, პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. 15:00 საათზე გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობდა. მან მაშინვე გაავრცელა განცხადება სოციალურ ქსელში ამის თაობაზე. საღამოს კი პრეზიდენტის წინაშე უარი განაცხადა გუშინ შეთანხმებულ პირობებზე. მისი მთავარი არგუმენტი ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარეკებებში არასერიოზულად გამოიყურება.
ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა, უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე.
მე და ჩემი პარტნიორები, „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები, გავაგრძელებთ ჩვენი ახალგაზრდა, სუფთა წარსულის ლიდერების გუნდით მუშაობას. ჩვენი მიზანი უცვლელია: ევროკავშირის წევრობა,
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, თანამოაზრე ლიდერებსა და პარტიებთან ერთად, დავასრულებთ „ქართული ოცნების” 12-წლიან უძრავ, მოღალატეობრივ მმართველობას“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის საარჩევნოდ პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მონაწილეობით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები. დღეს მორიგი შეხვედრა იყო დანიშნული, თუმცა პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „გახარიას პარტიასთან ხელმოსაწერად მზად იყვნენ“.