რუსულმა წყაროებმა 1 მარტს გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერები, რომლებშიც მათივე მტკიცებით, გერმანელი ოფიცრები განიხილავდნენ იმ სამიზნეებს, რომელთა განადგურებაც უკრაინას თეორიულად შეეძლო Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით. ამ სამიზნეებს შორის, დასახელებული იყო ყირიმის ხიდიც, რომელიც რუსი ოკუპანტებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. დღეს კი, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.
როგორც DPA წერს, შოლცმა გერმანელი ოფიცრების საუბრის მოსმენის ფაქტს „სერიოზული გაჟონვა“ და „დიდი პრობლემა“ უწოდა.
„ახლა, სიტუაციის გარკვევა ძალიან გულმოდგინედ, ინტენსიურად და სწრაფად მიმდინარეობს“, – განაცხადა მან ვატიკანში ვიზიტის დროს, როდესაც კითხვა დაუსვეს, შეიძლება თუ არა, მომხდარმა ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში საუბარი შეეხებოდა იმას, რომ უკრაინისთვის ჯამში 100 ასეთი რაკეტის გადაცემა შეიძლებოდა. გერმანელი ოფიცრები ამ თემის განხილვისას ამბობდნენ, რომ „ხიდი აღმოსავლეთით ძნელად მისადგომია“, ამიტომ, „შესაძლოა 10 ან თუნდაც 20 რაკეტა დასჭირვებოდათ.