ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 49 სახელმწიფო შესყიდვით, 2014-2022 წლებში 2,687,008 ლარი მიიღეს – აქედან 1,928,488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს.
„ხაჩიკ მოსოიანი 2013-2014 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, 2018-2019 წლებში კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ.
შპს „ვემ“ მისმა რძალმა, ერანუჰი ალექსანიანმა 2014 წლის მაისში დააფუძნა და სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყო ახალქალაქის მერიაში, სადაც მის ძმას, ხაჩატურ ალექსანიანს იურიდიულ სამსახურში ჯერ სპეციალისტის, 2015-2021 წლებში კი უფროსის პოზიცია ეკავა. შპს „ვემს“ ხაჩიკ მოსოიანის ოჯახი 2019 წლამდე ფლობდა. სხვადასხვა დროს კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი იყო თავად ხაჩიკ მოსოიანიც და მისი შვილი, ვარდ მოსოიანიც.
შპს „ვემმა“, 2014-2018 წლებში 23 სახელმწიფო შესყიდვით 1,324,297 ლარი მიიღო. აქედან, 18 შესყიდვით, ჯამში, 1,144,874 ლარზე (86.4%) ხელშეკრულებები ახალქალაქის მერიამ გაუფორმა. ასევე, 497 957 ლარი (37.6%) კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.
მოსოიანებმა კომპანია 2019 წლის იანვარში მას შემდეგ გაყიდეს, რაც შპს „ვემის“ მიერ 2014 წელს ახალქალაქის მერიაში, ოთხი სოფლის წყლის რეაბილიტაციაზე 75 000 ლარად მოგებული ტენდერის გამო, ახალქალაქში გაერთიანებული წყალმომარაგების ოფისის მენეჯერი ვარდ მოსოიანი დააკავეს. მას, 2018 წელს, მითვისება–გაფლანგვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. გამოძიების მტკიცებით, ვარდ მოსოიანის მეუღლის, ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიამ სამუშაოები ახალქალაქის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკით და მუშა-ხელით განახორციელა.
შპს „ვემის“ გაყიდვის შემდეგ, ხაჩიკ მოსოიანმა, 2019 წლის აპრილში, შპს „გოლდ 777“ დააფუძნა. დღემდე შპს „გოლდ 777“-ს 26 შესყიდვით 1,362,711 ლარი დაერიცხა. აქედან ახალქალაქის მერიამ, 15 შესყიდვაზე, ჯამში, ხელშეკრულებები 783,614 ლარზე (57.5 %) გაუფორმა. ასევე, 655,632 ლარი (48.1%) ხაჩიკ მოსოიანის კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.
ჯამში, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ორივე კომპანიამ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით 1,153,589 ლარი (ჯამურად მიღებული თანხის 42.9%) მიიღო.
ხაჩიკ მოსოიანმა, 2021 წლის 12 აგვისტოს მმართველი პარტიის ანგარიშზე 5 000 ლარი შეიტანა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.