„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ის, რომ საქართველომ განვითარების დასავლური კურსი აირჩია, არ ნიშნავს იმას, რომ უარი ითქვას სხვა უძლიერეს სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე.
„ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, დღეს დასავლეთი საქართველოში ებრძვის არა იმდენად რუსეთს, რამდენადაც – ჩინეთს. ახალ გიგანტ სახელმწიფოსთან მჭიდრო პარტნიორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია, ეკონომიკური სიძლიერე კი ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობაა. სწორედ ამიტომ იბრძვიან დღეს დასავლეთიდან, რომ საქართველო არ გახდეს რეალურად დამოუკიდებელი, არ დაკარგოს მართვის სადავეები ჩვენს ქვეყანაზე, რაც ფაქტობრივად დაისაკუთრა სააკაშვილის ხელისუფლებამ.
ის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი ავირჩიეთ, არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ სხვა უძლიერეს სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე. პირიქით, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ვალდებულებიც კი ვართ დავაბალანსოთ ყველა ვექტორთან პარტნიორობა და ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი აქვს – საქართველოს გაძლიერება.
ახალმა მსოფლიო პოლიტიკურმა რეალობამ საქართველოს ახალი ფუნქცია შემატა – შუა დერეფნის დატვირთვა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო რეალურად არის გეოპოლიტიკური კარიბჭე. ასეთი სასურველი პირობები ჩვენს ქვეყანას არასოდეს ჰქონია. ახლა გვჭირდება ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი აზროვნება და ამ შანსის სრულად გამოყენება, რასაც აკეთებს კიდეც დღევანდელი ხელისუფლება.“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.