ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, არც მარტო და არც სხვასთან ერთად, რადგან არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ახალი პარტიის შექმნა სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქართულ პოლიტიკას დღეს სჭირდება ამბიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ამპარტავნების გვერდზე გადადება და გამარჯვებისთვის საჭირო კომპრომისებზე წასვლა.
„პირველ რიგში, ჩემი, როგორც მოქალაქის მკაფიო სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებით დასრულდეს ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. ამისათვის მიმაჩნია, რომ საჭიროა მმართველი პარტიის ინსტიტუციური და ფინანსური ძალაუფლების საპირწონედ სოლიდური ოპოზიციური ცენტრების შექმნა.
თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო მათი ოპოზიციურად განწყობილი ხმებს ჯამი, რომელმაც 20%-მდეც შეიძლება მიაღწიოს, ბარიერ გადალახულ პარტიებზე გადანაწილდება. ამ სცენარში „ქართული ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ოპოზიციურად განწყობილი ხმების ხარჯზე მიეცემა. რა უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით:
პირველ რიგში, უნდა მოხდეს საარჩევნო სუბიექტების გამსხვილება… უნდა გაერთიანდეს ყველა ის პარტია, რომელთა გაერთიანებაც ლოგიკურად დასაშვებია. ამომრჩეველი არ უნდა გადატვირთო ერთგვაროვანი პარტიების სიმრავლით.
პოლიტიკური ცენტრების გაერთიანების და გამსხვილების პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ჩემი აზრით, ქართველ ამომრჩეველს ბიულეტენში არჩევანის გაკეთება სამ, მაქსიმუმ 4 დიდ პოლიტიკურ ცენტრს შორის უნდა მოუწიოს.
რაც შეეხება ოპოზიციის საპარლამენტო უმრავლესობაში მოსვლის დაპირებებს, ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად არ იქნება მხარდაჭერილი არც „ნაციონალური მოძრაობის“, არც „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატები, ვინაიდან ორივე პარტიას უკონტროლო ძალაუფლებით მართვის გამოცდილება აქვს.
ახალმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა გამოაცხადოს გარდამავალი პერიოდი და 2 წლის ვადაში ინსტიტუციური რეფორმების გზით სახელისუფლებო კონტროლისგან გაათავისუფლოს დამოუკიდებელი ორგანოები: ცესკო, ეროვნული ბანკი, მარეგულირებელი ორგანოები, სასამართლო, პროკურატურა. გარდამავალი პერიოდის შემდეგ, უკვე გაცილებით თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
ცხადია, გარდამავალ პერიოდში მთავრობის უპირობო და უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ევროკავშირის 9-ვე პუნქტის დაკმაყოფილება და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების დაწყება.
და ბოლოს, რომ დავუბრუნდე ჩემ მიმართ დასმულ შეკითხვებს… ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, არც მარტო და არც სხვასთან ერთად, რადგან არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ახალი პარტიის შექმნა სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას; ქართულ პოლიტიკას დღეს სჭირდება ამბიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ამპარტავნების გვერდზე გადადება და გამარჯვებისთვის საჭირო კომპრომისებზე წასვლა. თუ ამის აუცილებლობის მკაფიო გააზრება და შეთანხმება ვერ მოხდება ფართო ოპოზიციურ სპექტრში, თუ ისევ გაგრძელდება ელექტორალური გაგებით ტყუპისცალი პარტიების ჩამოყალიბება ან/და არჩევნებზე „მარტო გავალთ“-ს ძახილი, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, მე ან ჩემნაირები რომელიმე პარტიაში წავლენ თუ არა. პროცესმა მხოლოდ ამ ქვეყნის გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს და არა მორიგ ეროვნულ ფრუსტრაციამდე.
შესაბამისად, საკუთარ თავს და როლს ახლა ვხედავ იმაში, რომ მე და ჩემმა გუნდმა ხელი შევუწყოთ ამ იდეების ლობირებას, რომელიც ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ დემოკრატიულ ცვლილებებს მოიტანს. მზად ვარ ამ პროცესში ვითანამშრომლო ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარესთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.