ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა წავიდეს ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეო, ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” ხელმძღვანელი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ, The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას და ამის გამო გამოწვეულ პროტესტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, კონცერტები ხალხის ფულით არის დაფინანსებული და „სისულელეა ვინმესადმი საყვედური, რატომ დადის კონცერტებზე“.
„ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა წავიდეს ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეო, ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა. ყალბი მორალიზმია ეს. ეს კონცერტები ხალხის (ბიუჯეტის) ფულითაა დაფინანსებული (რაც ცუდია) და ზედ ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ფულსაც ამატებენ ადამიანები. ეს არაა პარტიული ღონისძიება, ესწრება თუ არა მას რომელიმე პარტიული საძულველი პირი. ხელისუფლების დაფინანსებული პენსიაც არ უნდა აიღოს ოპოზიციონერმა და მეტროშიც ორჯერ მეტი უნდა გადაიხადოს, რადგან ხელისუფლების მიერაა სუბსიდირებული? მაშინ არც სუბსიდირებული ღვინო უნდა დალიოს და არც თეატრებში იაროს. სისულელეა ვინმესადმი საყვედური, რატომ დადის კონცერტებზე. ამ ხელისუფლების მომხრე მწერლების წიგნებიც არ წავიკითხოთ, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბის? არც ლაშა ტალახაძის გამარჯვება გაგვიხარდეს? ძალიან ბოლშევიკური მიდგომაა,“ – წერს რომან გოცირიძე.