“მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესები, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება, 2020 წლის ან მიმდინარე გაზაფხულის მოვლენებზე მეტად თავისი საგარეო ვექტორით გასული საუკუნის 90-იან წლებთან ჰპოვებს ანალოგს, ბუნებრივია, თანამედროვე ვარიაციებით”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცუცქირიძე ქვეყანაში არსებულ საპროტესტო ტალღაც ეხმაურება.
“მაშინაც ოპოზიციის პრეტენზიები ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებასთან იმავე შეფერილობისა იყო, გამსახურდია დასავლეთს დასცილდა და ქვეყანა იზოლაციონიზმისა და დიქტატურისაკენ მიჰყავდა, ხოლო ედეპე იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ზვიად გამსახურდია რუსეთთან იყო შეკრული.
მერე იყო მამა ბუშის ცნობილი განცხადება გამსახურდიას დინების წინააღმდეგ წასვლაზე, რაც აქაური ოპოზიციისათვის პირდაპირი გზავნილი გამოდგა არეულობის და სამხედრო გადატრიალების დასაწყებად. ოპოზიციურ მიტინგებში მაშინაც ინტელიგენცია და სტუდენტთა ნაწილი იყო აქტიურად ჩართული.
ეს შედარება ბოლო დღეებში ე.წ ცნობადი სახეების, განსაკუთრებით სპორტსმენების ასე მომრავლებულმა სთორებმა, და დიპ კორპუსის გადამდგარი პირების განცხადებებმა აღმიძრა, სადაც აქცენტები ხელისუფლების კრიტიკაზე და ქვეყნის ევროპულ მომავლის უალტერნატივობაზეა რატომღაც გაკეთებული, რჩება შთაბეჭდილება – თითქოს ერთი კალკიდან იყოს გადაწერილი.
მთავარი აქცენტები კი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზეა დღესაც გაკეთებული. საჯარო მოსამსახურეთა ნაწილის კოლექტიური წერილების გამოქვეყნება და გახშირებული მოწოდებები, უარი თქვან თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება, რადგან სახელმწიფო იშლება, თუ სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსი იწყება. არც ის არის შემთხვევითი, რომ ეს მოწოდება-დამუნათებები ძალოვანი სტრუქტურებისკენ არის მიმართული.
იმ საბედისწერო 1991-1992 წლებში პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელ ბევრ ადამიანს, ალბათ მართლა სჯეროდა, რომ გამსახურდიას რომელიც ეროვნულ ინტერესებს აყენებდა ყველაფერზე წინ, ქვეყანა იზოლაციონიზმისაკენ მიჰყავდა
და ვერც წარმოიდგენდა ამ რევოლუციის შედეგებს, დემოკრატიის ნაცვლად დანგრეულ ქვეყანას და კიტოვან -ჯაბას მმართველობას თუ მიიღებდა.
ეს ისტორიული რაკურსი შემთხვევით არ მომიყვანია, დღესაც მომიტინგეთა ნაწილს, ძირითადად ახალგაზრდობას, ვისაც ის პერიოდი არ გამოუვლია, ალბათ ჰგონია, რომ ქვეყანა სცილდება დასავლეთს და რუსეთისაკენ მიდის.
ბუნებრივია, მათ ყველას ვერ მოსთხოვ პოლიტიკის გლობალური კონტექსტის ცოდნას, ამ დროს ემოციები სჭარბობს ლოგიკას, ახალგაზრდობის ნაწილის პროტესტიც გულწრფელია, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ პროტესტის რადიკალიზაცია და მიტინგების არამშვიდობიან ფორმატში გადაყვანა არც მათ და არც ქვეყნის ინტერესში არ შედის.
არც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშლება, რაზეც ოპოზიცია და კონსტიტუციიდან საბოლოოდ გასული სალომე ზურაბიშვილი აკეთებს გათვლებს. ეროვნული ხელისუფლება მაშინ იმიტომაც დაემხო, რომ თავად ხელისუფლების შიგნიდან დაიწყო რღვევა ჩანერგილი აგენტურის სახით და რაც დრომ დაადასტურა. 2003 წლის “ვარდების რევოლუციაც” შევარდნაძის სახელისუფლებო ვერტიკალის რღვევით დაიწყო, როდესაც მინისტრები და დეპუტატები ოპოზიციის ბანაკში იყვნენ გადაბარგებული, გარანტიების თუ ახალი პორთფელების იმედად.
გარედან გახშირებული ზეწოლაც, არა მხოლოდ ოპოზიციური მუხტის აწევას ემსახურება, თუნდაც ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუცია და აშშ ის სახდეპის განცხადება სახელისუფლებო ვერტიკალზეა გათვლილი. რასაც საეჭვოდ დაემთხვა დიპ კორპუსის ნაწილის და ბოლოს უსახური და მდუმარე აშშ- ში ელჩის ზალკალიანის გადადგომა. ნიშანდობლივია, რომ სახდეპის სახლში მიმავალი სპიკერის განცხადებას სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერებაზე, რაც ოპოზიციამ ასე აიტაცა, მალევე ტექსტის უკან წაღება მოყვა, უკვე ღიად მიანიშნებს 20 იანვრიდან ტრამპის ადმინისტრაციის შეცვლილ კონტურებზე.
მიუხედავად, შექმნილი კრიზისული სიტუაციისა, დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალის ასე ნანატრი ჩამოშლის ილუზია ილუზიადვე დარჩება, ცალკეული პირების განცხადებების მიუხედავად, რაც სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა 0. 1 % საც კი არ შეადგენს.
ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი კრიზისის განსამუხტავად, მიტინგების არამშვიდობიანი ფორმისას, მომიტინგეთა მოთხოვნების სამართლიანობის თუ უსამართლობის მიუხედავად, სახელმწიფო ყველგან იყენებს ძალის გამოყენების დისკრეციულ უფლებას წესრიგის დასამყარებლად, ხოლო ეკონომიკა და საფინანსო სექტორი არც სხვაგან ჩამოშლილა და არც აქ ჩამოიშლება, სადაც ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი ჟურნალისტების და მომიტინგეთა მიმართ დარწმუნებული იყავით, იქნება გამოძიებული და დასჯადი, იმათი ჩათვლით ვინც ვანგალიზმს აპროვოცირებდა.
არც კონსტიტუციის 78 -ე მუხლი შეიცვლება, და არც ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის კარი დაიხურება, რითაც ასე აშინებენ და აბულინგებენ ადამიანებს, ხოლო საქართველო გააგრძელებს იმ გზას თვითმყოფადობისაკენ და საკუთარი ისტორიული ადგილის დამკვიდრებისაკენ,
რაზეც ასე ოცნებობდნენ დიდი ქართველი პატრიოტები სულხან -საბა, სოლომონ დოდაშვილი, ილია თუ ზვიად გამსახურდია!”, – წერს ცუცქირიძე.