მინდა, მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა, ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ფინალის ყურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლაშა ბექაური რამდენიმე დღის წინ გახდა 24 წლის და ამ ასაკში ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონობა არის წარმოუდგენელი წარმატება.
„ახალგაზრდა კაცი, კახელი კაცი, ქიზიყელი, ძალიან მაგარი ქართველი კაცი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც არის წარმოუდგენელი წარმატება. მინდა, მივულოცო ლაშას და თითოეულ თქვენგანს ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება. ასევე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე დღის წინ გახდა ლაშა ბექაური 24 წლის და ამ ასაკში ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონობა არის რაღაც წარმოუდგენელი წარმატება. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას ამ წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ვიცე-ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მიულოცა ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს.
„ასევე მინდა, ტატო გრიგალაშვილს კიდევ ერთხელ მივულოცო გუშინდელი წარმატება. ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონობა. ტატომ გატეხა გუშინ ნავსი, მან აიღო პირველი მედალი და დღევანდელი წარმატებისთვის ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მადლობა ბიჭებს, მადლობა ამ არაჩვეულებრივი გამარჯვებისთვის და სიამაყის განცდისთვის, რომელიც მათ მოგვანიჭეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.