
ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გაიხსენა პერიოდი, როდესაც მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ჯიქიას სასაფლაოზე აიყვანეს.
გედენიძის თქმით, მას ნიღბიანი პირები სცემდნენ და თან ეუბნებოდნენ, ეთქვა, ვისთან ჰქონდა კავშირი.
„მიადგნენ ჯიქიას სასაფლაოს. დასაწყისშივე, მარცხენა მხარეს არის „ჰერმესის“ ოფისი. იმ ოფისს რომ გავცდით 200 მეტრით, იყო ახალგათხრილი საფლავი. იქიდან იწყებოდა უკვე ახალი საფლავები. კლდოვანი ნიადაგია, ღორღი, ხრეში, ისეთ ადგილზე დამაგდეს, რომ ბასრავს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული. მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, ეგრევე გადმომაგდეს, მუხლებზე ვეგდე. უკვე ყველას ნიღაბი ეკეთა. დამიწყეს ცემა, ვისთან გაქვს კავშირიო. მირტყამენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩახრილი, ვერც კეფაზე ვიფარებ ხელებს, იდაყვებით ვცდილობ, სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა დარტყმებისგან. მირტყამდნენ ფეხებს მუხლებზე. შემდეგ გაშლილი ხელით მირტყამდნენ კეფაში. ვეუბნები, არ ვიცი არაფერი, მითხარით, რა გინდათ-მეთქი. ყველაფერი უნდა თქვა, ვისთან გაქვს კავშირი, რა მასალებს აძლევდითო. ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო. ვუთხარი, არ გაგივარდეს, რას აკეთებ, ხომ იცი, სადაც ვმუშაობ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, უკვე აღარ მუშაობო და იარაღიანი ხელი დამარტყა ტუჩებში“, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
როგორც ირაკლი გედენიძემ აღნიშნა, სასაფლაოდან ის წაიყვანეს „მოდულის შენობაში“, სადაც, გედენიძის თქმით, იმავე კითხვებს უსვამდნენ და სცემდნენ.
„ამწიეს, ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს „მოდულში“. გაჩერდნენ გარეთ, ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით რაღაცის დასტურს ელოდებოდნენ. შემდეგ გადმოსცეს, შეყვანილი არიან და ეგეც შემოიყვანეთო. სახლში აღწერის, ჩხრეკის პროცედურა რომ მიმდინარეობდა, რაციით იყო გადაძახილი – ერთი ახსენეს გიას მისამართი, მეორე – ვარკეთილი, მესამე არ მახსოვს, კარგად ვერ გავიგე. ანუ, სამი მისამართი თქვეს. შემიყვანეს „მოდულის“ შენობაში, მეოთხე სართულზე, ჩვეულებრივ სამუშაო ოთახში, სადაც იგივე კითხვები იყო, ვისთან მქონდა კავშირი. დანარჩენ ფოტოგრაფებს არავინ ახსენებს. არ ვიცი, ვინ არის კიდევ დაკავებული, ვიცი, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ დაკავებული. ნათია სახლიდან გასვლის შემდეგ არ მინახავს. „მოდულში“ ძალიან აგრესიული იყო ჩემთვის დღემდე უცნობი პიროვნება, რომელიც გამოძიებამაც ვერ დაადგინა. თვალის არეში მირტყამდა მუშტებს, აღიარეო. არ ვიცი, რა უნდა ვაღიარო, მითხარით, რაში ვარ ეჭვმიტანილი-მეთქი. ერთი და იგივე მეორდებოდა ცემა-ტყეპის ფონზე. შემდე თქვეს, მოდი, დავტესტოთო, არა, მაგას უძლებს, გამძლე არისო. ვფიქრობდი, რას უნდა გავუძლო-მეთქი. შემდეგ ვიღაცამ თქვა, დენს უძლებსო. გამახსენდა 92 წელი, სამოქალაქო ომი. მაშინ სამი დღის განმავლობაში ელექტროშოკით მაწამებდნენ ჩამოკიდებულს და კარცერში ვირთხა მყავდა. სამი დღის განმავლობაში, ვიდრე მიპოვეს და ეს ხდებოდა ისევ ჩემი პროფესიის გამო, რადგან საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება, სამეგრელოში ყოფნა გადავიღე. ამისთვის დამიჭირეს პირველად. ეს ისტორია ალბათ ძალიან ცოტამ იცოდა და მათ იცოდნენ, რომ ელექტროშოკი კი არა, თითი რომ მომაჭრა, იმას ვერ გავიგებ დღეს ვერცერთ ხელზე“, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
კომისიის სხდომაზე გედენიძემ აღნიშნა, რომ „მოდულის შენობაში“ ყოფნისას გაატარეს დერეფანში, სადაც კედლებზე მისი გადაღებული ფოტოები იყო და უთხრეს, დაჩოქილიყო.
„გავყავარ ოთახიდან, ზურგზე მაქვს ხელები დაწყობილი, დერეფანში მივდივარ. ცემა-ტყეპას კიდევ გავუძელი, ვერ გავუძელი ჩემს გამოფენას. კედლებზე, ორივე მხარეზე ჩემი გადაღებული ფოტოები იყო – ჯარი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, ჩემს გალერეაში გამატარეს. უცებ უკნიდან მესმის ხმა, დაიჩოქე, ბიჭო. დავიჩოქე. ახლა კეფაზე დაიწყე ხელებიო. ისეთ პოზაში დამაყენეს, ვიდეოკადრებში რომ მაქვს ნანახი, როცა ადამიანს ხვრეტენ. პაუზა ჰქონდათ დაახლოებით ათწამიანი და წადიო, მითხრეს. ძლივს ჩავედი კიბეებზე, სარდაფში“, – აღნიშნა გედენიძემ.