
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩაშვილის განცხადებით, ახალი ბრალი, რასაც მას ედავებიან, სრულად ხანდაზმულია.
როგორც ბაჩიაშვილი აღნიშნავს,“მტკვარი ჰესის“ საქმეზე წარდგენილი ახალი ბრალი მასზე ზეწოლის მიზანს ემსახურება.
როგორც ბრალდებული აღნიშნავს, ის შეფარდებულ გირაოს 30 დღის განმავლობაში გადაიხდის.
„შეგვეფარდა გირაო, ამ გადაწყვეტილებამ არ გამაკვირვა. სამწუხაროდ, სასამართლო ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის, თავიდან ბოლომდე იზიარებს ივანიშვილის პოზიციას და ახლაც ზუსტად ასე განმეორდა.
ამ ახალ დაწყებულ საქმეს, რა თქმა უნდა, გაზრდილ ზეწოლას და თანხის გამოძალვის ოპერაციას ვუკავშირებ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. თუმცა, შეფარდებული გირაო რაღაც განსაკუთრებულად ახალი ზეწოლა არ არის, რადგან 2 წელია, ქვეყნის დატოვება მეკრძალება, დაყადაღებული მაქვს აბსოლუტურად ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება და წილები კომპანიაში, ამიტომ ამ ზეწოლას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
მტკიცებულება 11 ტომი გადმოგვეცა და ძალიან დიდი მოცულობით კომპიუტერული ინფორმაცია. ამ მტკიცებულებებს გავაანალიზებთ, თუმცა, რისი შესწავლაც ჩვენ მოვასწარით, იკვეთება, რომ მუხლი, რასაც პროკურატურა მედავება, ხანდაზმულია და პრაქტიკულად უაზროა ბრალდების შინაარსი. ბრალდების დადგენილებას თუ შეხედავთ, შიგნით კონკრეტული დანაშაული აღნიშნული არ არის, ასევე, თუ როდის არის ეს დანაშაული ჩადენილი. უბრალოდ, წერია, რომ პროექტის ღირებულება გაიზარდა, ვადები გაწელა და სავარაუდოდ, გიორგი ბაჩაშვილმა ჩაიდინა გულგრილობა. გადახდის ვადა 30 დღე გვაქვს და ვადის განმავლობაში გადავიხდით“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.