ოპოზიციას სააკაშვილის თემა არ ახსოვს, არ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ ახსოვთ, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთს წამოაძახონ: „აი, შენ რომ ამბობდი, სააკაშვილს გავათავისუფლებ, რატომ არ ათავისუფლებ“, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლისთვისაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. „აღმოჩნდა, რომ სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა. არ სჯერა ფეიკების, არ სჯერა ტყუილების. სტრასბურგს არ სჯერა იმ ფეიკ-რეზოლუციების, რომლებსაც ევროპარლამენტარები იღებენ და არა მხოლოდ ევროპარლამენტარები. გიული ალასანიამაც პირდაპირ თქვა, არ მეგონა, ამდენი რომ ვიშრომეთ, ამდენი განცხადება რომ გაკეთდა, ამას სტრასბურგი არ გაითვალისწინებსო. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯო ფეიკ-კამპანიებში, რამდენი პოლიტიკური დახმარებაც არ უნდა გქონდეს დასავლეთიდან, სასამართლო არის სასამართლო და სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოში დღემდე შენარჩუნებული აქვს ნდობის ყველაზე მაღალი სტატუსი“, – განაცხადა სუბარმა.