აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 20-21 აპრილს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

8
spot_img

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 20-21 აპრილს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს.

„19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

გარდა ამისა, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.