ნიკა მელია ფიზიკურად როგორ დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, აღარ მესმის. შეანგრევს ოფისის კარს და თავის კაბინეტში დაჯდება? ცალკე გასვლა მოუწევს. აჯობებდა, ეს გადაწყვეტილება თვითონ მიეღო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ჰერმან საბოს თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემები ღრმავდება.
„არ ვიცი, საბოლოოდ რა ბედი ეწევა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ, უფრო და უფრო ღრმავდება. ეს იმის შედეგია, რომ საჯაროდ არ საუბრობენ თუნდაც იმ პრობლემებზე, რომლებზეც ნიკა მელია, ამდენი ხანია, აპელირებს. რეალურად ხომ არაფერი ვიცით, მელიასთან რა პრეტენზიები აქვთ. პასუხისმგებლობის არაღება საბოლოოდ მიგვიყვანს ამ შედეგამდე, რა შედეგიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ვიცი, რამდენად მოახერხებენ ერთად დარჩენას. მიუხედავად იმისა, რომ სამი წევრი გარიცხეს, ალბათ ეს ხალხი პარტიაში დარჩება და პრეტენზია ექნებათ გარიცხვის ამ ფორმასთან დაკავშირებით.
ნიკა მელია ფიზიკურად როგორ დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, აღარ მესმის. შეანგრევს ოფისის კარს და თავის კაბინეტში დაჯდება? ცალკე გასვლა მოუწევს. ალბათ აჯობებდა, რომ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიეღო და ლაპარაკი დაეწყო კონკრეტულ თემებზე, რატომ, ვის გამო, რის გამო წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არა ახლა, გარიცხული რომ დაიწყებს რაღაცაზე ლაპარაკს. ცოტა განაწყენებულის ლაპარაკს უფრო ჰგავს, ვიდრე საქმიან საუბარს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.