„აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება – „გოიმობაა“, სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ევროკავშირის წევრობა – „რეალისტური პერსპექტივა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომელიც ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აგენტოკრატებს ახალი დავალება მისცეს, რომ ამ ლოზუნგებით კვლავ მოხდეს ახალგაზრდების ქუჩაში გამოყვანა და არეულობის მოწყობა.
„აი ისიც! როგორი პროგნოზირებადები ხართ. ოღონდ ამავდროულად ლაჩრები – გადამთიელის პირით ახმოვანებთ, თქვენ ამისთვის ჯერჯერობით მზად არ ხართ. თუმცა, აგენტოკრატების თქვენზე მიცემული ეს დავალება უმარტივესად იკითხება: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – „რუსული პროექტია“. აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება – „გოიმობაა“. სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ევროკავშირის წევრობა – „რეალისტური პერსპექტივა“. ესეც ახალი გზავნილი ჩვენს „გულანთებულ“ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩვენი ეს ძირძველი რეგიონები არც ახსოვთ: „სოხუმი და ცხინვალი არის ბალასტი, რომელიც მოსაცილებელია, თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა. სოხუმი და ცხინვალი – არის კრემლის პროექტი, რათა დააშორონ საქართველო დასავლურ ცივილიზაციას! არა – სოხუმსა და ცხინვალს!“ არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ამ ლოზუნგით ქართველ ბავშვებს კვლავ გამოიყვანენ რუსთაველზე. როდესაც სამიოდე წლის წინ აფხაზეთის ინტერნეტ გამოცემისთვის მიცემულ 2-საათიან ინტერვიუში დავით ბერძენიშვილი დაწვრილებით ხსნიდა, თუ რატომ არაა აფხაზეთი საქართველოს ნაწილი – ის ამ დღეს გვიახლოვდება თურმე. და როდესაც დღეს ამ მორიგმა უჯიშო არა-ადამი-ანმა ამ ბრენდის გავრცელება უკვე დაიწყო, ესე იგი რეალობასთან ახლოსაა ჩვენი 30-წლიანი მოლოდინი. საკითხავია კი ერთია როგორც ყოველთვის: რა გზას ავირჩევთ – ბარაბა თუ იესო?“, – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.