“აგენტების კანონს” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს: საქმე დროში მოგებას ეხება”-Die Tageszeitung

30
spot_img

„საქართველოში დავა ე.წ. „უცხოური აგენტის რუსული კანონის“ შესახებ მომდევნო რაუნდში გადადის, ამჯერად იურიდიულ სიბრტყეში: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საპარლამენტო ოპოზიციამ განაცხადა, რომ კანონის დემოკრატიულობის ირგვლივ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება გადატანილი. უკვე წინასწარ გამოცხადებულია, რომ კანონის დებულებები კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Die Tageszeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აგენტების კანონს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს: საქმე დროში მოგებას ეხება“ (ავტორი – ბარბარა ერტელი).

„საქართველოს კონსტიტუციას 78-ე მუხლი 2017 წელს დაემატა და მისი მიზანს სამხრეთ კავკასიური ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს: საკონსტიტუციო ორგანოებმა ყველა ღონე უნდა გამოიყენონ საქართველოს ინტეგრაციისათვის ნატოში და ევროკავშირში. აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველომ  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიიღო“’, – წერს ავტორი. იგი ესაუბრება პარლამენტის ოპოზიციურ დეპუტატს თამარ კორძაძეს, რომლის თქმით, „კარგია, რომ პრეზიდენტი ამ პროცესის ინიციატორად გამოდის. აუცილებელია, რომ კანონის ყველა დებულება საფუძვლიანად იქნას განხილული. ეს ისეთი სამართლებრივი აქტია, რომელიც ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრების უფლებას არ გვიტოვებს“.

რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაგეგმილი აქვთ იმავე სარჩელით მიმართონ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსაც.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ (ან უფრო მოკლედ – „უცხოური აგენტობის“) შესახებ კანონმა ქართულ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია, მაგრამ მოსახლეობის საპროტესტო აქციებისა და პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს მიუხედავად, პარლამენტმა კანონი მაინც მიიღო. ამის პასუხად ევროკავშირმა, რომელიც კანონს არადემოკრატიულად თვლის, საქართველოს ფინანსური დახმარება შეუმცირა.
ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების მიერ გავრცელებულ მასალათა თანახმად, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა ბრიუსელისაგან 2019-2024 წლებში 517 მილიონი ევრო მიიღეს, რაც 11-ჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც მიეწოდა სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს) – 46,1 მილიონ ევროს.

„კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში გამიზნულია იმისათვის, რომ ის ძალაში არ შევიდეს, ამოქმედება გაჭიანურდეს და დრო იქნას მოგებული“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: