
პოლიტიკური სიცხადის გარეშე საკითხები ვერ გადაწყდება, არათუ პოლიტიკური კრიზისი. განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებს გვმართებს, ვიყოთ მკაფიოები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც პაატა ბურჭულაძესთან და ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრის შემდეგ მელიამ აღნიშნა, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრისიზისია.
„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებული საკითხი ჩემთვის არის იგივე ფარსი და ფარსში მონაწილეობას თუ ვინმე გეგმავს, ეს არ არის ის, რაც ამ ქვეყანაში კრიზისს განმუხტავს. ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ვერ გადაწყვეტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისი ბუნებიდან გამომდინარეც კი. თუ კი, რომელიმე ოპოზიციური პარტია „ლელო“, გახარია ამას უკვე თვეების განმავლობაში საუბრობს და გუშინ „ლელომ“ მკაფიოდ ისაუბრა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ვერ მიანიჭებს ივანიშვილს ხელისუფლებას ლეგიტიმაციას, რა თქმა უნდა აქ არის სერიოზული აცდენა. ბევრად მარტივი იქნება ცხოვრება მათთვისაც და ყველა დანარჩენისთვის, თუ მკაფიოდ და გულწრფელად იტყვიან რაც შეიძლება მალე სიმართლეს, აპირებენ მონაწილეობას, თუ არ აპირებენ“,- განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ეს საკითხი დახურული უნდა იყოს.
„არათუ ხურავენ ამ საკითხს, არამედ აბუყბუყებენ პროცესს, რომელიც აზიანებს, ჩემი აზრით, ქვეყნის ინტერესს. ქალბატონი ზურაბიშვილი გამობრძანდა რუსთაველზე და მისი პლატფორმის სახელით განაცხადა, რომ არავინ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და მეტიც, ამ საკითხზე საუბარი, არის შემოგდებული ივანიშვილის. მეორე დღეს გამოდის „ლელოს“ წარმომადგენელი და დისკუსიისკენ მოუწოდებს საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ქალბატონმა ზურაბიშვილმა მაშინ უნდა თქვას, ის, რაც ბრძანა რუსთაველის გამზირზე, ეს იყო მისი პოზიციის გაჟღერება, თუ საუბრობდა პლატფორმის სახელით, ესეც გაუგებარია. სიცხადე არის შემოსატანი, თუ ვინმემ ვერ გაიგო, ესეც პრობლემაა.
ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის“,- აღნიშნა მელიამ.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ზურაბიშვილის მიერ ნახსენები ორი არჩევნები, მელიამ უპასუხა:
„აქ სხვა რამეზეა საუბარი, ვისი სახელით ისაუბრა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, უნდა გაეცეს პასუხი მისი მხრიდან. მისი პოზიცია ოყო ეს, თუ გაყვა პარტია გახარიას, თუ პარტია „ლელოს“. ეს ყველაფერი არ იცის საზოგადოებამ და უნდა გასცეს პასუხი“.