ადეიშვილი ახლა აქ უნდა იხდიდეს სასჯელს – „ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, რომ ის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილეთ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ადეიშვილი აქამდეც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული საქართველოში, ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან “ოცნების” სიტყვას ფასი აღარ აქვს.
“მე პირადად ვერავინ მასწავლის ადეიშვილი სად უნდა იყოს ახლა, წესით. ის რომ დღეს ადეიშვილი ყველამ ერთად ვიხილეთ გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე, ეს არის “ოცნების” უსუსურობის დადასტურება. ამდენი წელი გავიდა. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც “ოცნების” ლიდერები გამოდიან და ამაყობენ ორბანთან მეგობრობით, მე ასევე გავახსენებ საზოგადოებას, ორბანმა მოახდინა ზურა ადეიშვილის რეაბილიტაცია. ეს ხომ არ დაავიწყდა ვინმეს?! ამიტომ დღეს ვითომ რომ თამაშობს “ოცნება”, სინამდვილეში აბსოლუტური ფარისევლობაა ეს ყველაფერი, თითქოს წუხან, რომ ადეიშვილი იმყოფება ოფიციალურ შეხვედრებზე საზღვარგარეთ, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. ეს არის “ოცნების” ხელისუფლების უსუსურობა. ეს არის დადასტურება იმის, რომ სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორებთან “ოცნების” სიტყვას ფასი აღარ აქვს. მე ეს არ მახარებს, იმიტომ, რომ მომწონს თუ არ მომწონს “ოცნების” ხელისუფლება, ის ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე,” – განაცხადა ბუჩუკურმა.