ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

17
spot_img

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა გააცნო.

მისი თქმით, კანონპროექტით იცვლება რკინიგზის სადგურის განმარტება და განისაზღვრება ახალი ტერმინები.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგზე უფლებამოსილებას განახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. ამასთან, განისაზღვრება სააგენტოს ფუნქციები სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტთან მიმართებით.

კანონპროექტი უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას და მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით. კერძოდ, კანონი პირდაპირ ადგენს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტით სარგებლობისას დაუშვებელია მგზავრთა დისკრიმინაცია.