დღეს დილით მქონდა შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, ასევე გერმანიის ელჩთან. ამ შეხვედრების ფორმატში გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მომსწრენიც გავხდით და ვნახეთ ის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ შეხვედრებში მონაწილეობდა, – ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია ზურაბ ადეიშვილთან მიმართებით ცალსახაა.
„ჩვენ მიგვაჩნია და გვაქვს ეს პოზიცია ჩამოყალიბებული, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებული ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი და ბრალდებული, მსგავსი ტიპის საჯარო აქტივობებში არ უნდა მონაწილეობდნენ ჩვენს პარტნიორ, მეგობარ ქვეყნებში. შესაბამისად, მქონდა შესაძლებლობა, ელჩებთან ამ საკითხზე კონკრეტულად მესაუბრა.
ზოგადად, ბოლო პერიოდში, გვახსოვს კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის შიგნით, რომელთა მიმართაც მძიმე პრეტენზიები და მძიმე ბრალდებები არსებობს.
შესაბამისად, აუცილებლად ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის რეაქცია ჩვენს მეგობრებთან უნდა გამოგვეხატა, რადგან ჩვენთვის მიუღებელია ძალიან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები იღებდნენ ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას, ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომლებსაც მართავენ ჩვენი უახლოესი მეგობრები და პარტნიორები“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.