“აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია, რაც მიანიშნებს, რომ რეგიონში საქართველოს როლი იზრდება”

85
spot_img

ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ზოგადად საქართველოს როლი იზრდება რეგიონში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო და დინამიურად განვითარებადი ეკონომიკა მიმზიდველია ინვესტორებისთვის.

„პანდემიის გამო წინა წლებში ჩვენ ვერ მოვახერხეთ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარება და დღეს, პოსტპანდემიურ პერიოდში დაინტერესება არის ძალიან დიდი, ისეთი როგორიც არასდროს აქამდე. გვყავს 2000-ზე მეტი მონაწილე, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული და ეს არ არის მხოლოდ მაღალი დონის პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა, არამედ, ჩვენ ვხედავთ ბიზნესის ძალიან აქტიურ ჩართულობას. ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ზოგადად საქართველოს როლი იზრდება რეგიონში. საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო და დინამიურად განვითარებადი ეკონომიკა მიმზიდველია ინვესტორებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის ეს არის ხელსაყრელი გარემო და დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის ფარგლებში ძალიან ბევრი წარმატებული გარიგება მოხდება ბიზნესებს შორის და ასევე, იქნება ძალიან საინტერესო დისკუსიები პოლიტიკოსების მხრიდან ამა თუ იმ თემაზე. იცით, რომ ჩვენ ბევრ მიმართულებას ვფარავთ – ტრანსპორტი, შუა დერეფნის პერსპექტივები, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსები და ბევრი სხვა, რაზეც ფორუმის ფარგლებში გვექნება მსჯელობა. ფორუმი დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის და საქართველოს პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. საქართველოშიც უნდა ხდებოდეს მაღალ დონეზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება „შუა დერეფნის“ პერსპექტივებს – მინისტრის განცხადებით, საქართველოს როლი იზრდება, მათ შორის, სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით.

„თქვენ იცით, რომ საქართველო სხვადასხვა დერეფანში მონაწილეობს ეფექტურად, მათ შორის, „შუა დერეფნის“ როლი იზრდება ყველაზე მეტად როგორც ალტერნატიული, საიმედო მარშრუტის როლი და ასევე, უმოკლესი მარშრუტის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზის და ამაზე ჩვენ წლებია ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე – ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სატრანსპორტო კავშირებზე, ვსაუბრობთ ეკონომიკური კავშირების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე და თანამშრომლობაზე ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. ზოგადად საქართველოს როლი გაზრდილი არა მხოლოდ სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორების მიმართ, არამედ ბევრი სხვა დარგის მიმართ და ამიტომაც ძალიან ფართოა იმ კომპანიათა სამოქმედო არეალი, რომელიც საქართველოს ეწვია ფორუმის ფარგლებში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.