“აბა, თუ მაგრები ხართ, საქმეზე გველაპარაკეთ” -გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“

78
spot_img

მინდა, „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს ვუთხრა, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ქართველთა არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი.

„„გამარჯვების პლატფორმის“ შექმნის პირველივე დღიდან ჩვენ დავიწყეთ საუბარი საქმეზე, იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ ჩამოვაწეროთ უსამართლოდ მაღალი საპენსიო სესხები პენსიონერებს, როგორ გავუმართოთ ხელი ახალგაზრდებს. რას ვისმენთ რუსული რეჟიმის მხრიდან? ისევ და ისევ რაღაც ჭორები, შეთქმულების თეორიები, ლანძღვა-გინება. ჩვენ ამაში ვერ გამოგყვებით, ჩვენსა და თქვენ შორის განსხვავება არის ეს, ჩვენ ვისაუბრებთ საქმეზე, თქვენ კი რაც გინდათ, ის აკეთეთ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ რუსული დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში. ჩვენ წარვადგინეთ ანაკლია-ლაზიკის პროექტი, რომელიც დღეს ამუშავებული უნდა ყოფილიყო და 300 000 სამუშაო ადგილი შექმნილი უნდა ყოფილიყო, თქვენ კი ყველაფერს აკეთებთ და კვლავ აგრძელებთ რუსული დავალების შესრულებას, რომ ეს პროექტი საქართველოში არ განხორციელდეს. ჩვენ ვსაუბრობთ საპენსიო სესხების ჩამოწერაზე, ჭარბი შემოსავლები ბიუჯეტში სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, თქვენ კი გინდათ, ეს ფული ჯიბეში ჩაიდოთ და პენსიონერები იმ უმძიმეს ყოფაში ამყოფოთ, სადაც არიან. ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე, მათი განათლების გარემოს გაუმჯობესებაზე და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დაფინანსებით ხელის გამართვაზე, თქვენ კი ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ქვეყანა დატოვონ და კატასტროფული მიგრაცია კვლავ გაგრძელდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ დევნილებს, ვეტერანებს, სხვადასხვა ჯგუფს როგორ გავუმართოთ ხელი, როგორ დავაყენოთ ფეხზე სოფელი და ქალაქი, თქვენ კი კვლავ რუსულ დავალებას ასრულებთ და საბოტაჟს უცხადებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. თქვენ აღრმავებთ ურთიერთობებს და ისეთ სტრატეგიულ პარტნიორობებს აცხადებთ, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

მე მთავარი, მინდა, „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს ვუთხრა, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ქართველთა არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. 11 წელი არაფერი გაგიკეთებიათ, გარდა ამ ქვეყნის გაუბედურებისა, და ამის მაჩვენებელი არის ის კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებელი, რაც დღეს არის და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ. აბა, თუ მაგრები ხართ, საქმეზე გველაპარაკეთ, აბა, თუ მაგრები ხართ, გამოგვყევით რომელიმე თემაში, კამათში, რომელიც ხალხს აწუხებს. უამრავ ადამიანს ვხვდებით და სწორედ ეს არის გამოძახილი, რაც მათი მხრიდან არის, როგორ გადავარჩინოთ დემოგრაფიულ კატასტროფას ქვეყანა, როგორ გავხადოთ საქართველო მძლავრი ეკონომიკური ჰაბი, თქვენ კი რუსულ დავალებას ასრულებთ და გინდათ, რომ ჩიხი იყოს ეს ქვეყანა, რაღაც სისულელეებს აცხადებთ, სტრატეგიულ პარტნიორობას არადემოკრატიულ ქვეყნებთან, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ თქვენ გინდათ, საბოლოოდ მოიყვანთ აღსრულებაში რუსული დავალება, რომ საქართველო იყოს ჩიხური ქვეყანა. მაგრამ ამას ვერ შეძლებთ, საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი, შევქმნით სამუშაო ადგილებს, ბევრ პროექტს განვახორციელებთ და ამას თქვენ – კობახიძე-ივანიშვილი-ღარიბაშვილის დაჯგუფებას ვეუბნები, ვერასდროს წინ ვერ აღუდგებით. მეტი შეხვედრა ხალხთან, მეტი საუბარი საქმეზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე იქნება ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ვაშაძემ.