საფრანგეთში, საპროტესტო აქციებზე შეტაკებების შედეგად, 108 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.
მინისტრის ცნობით, პარიზში სერიოზული დაზიანებები ერთმა პოლიციელმა მიიღო, რომელსაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. მას ხელებისა და სახის არეში დამწვრობები აქვს მიღებული.
პირველ მაისთან დაკავშირებით საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებებისას, სულ მცირე, 108 სამართალდამცველი დაშავდა.
არეულობის დროს პოლიციამ 291 ადამიანი დააკავა.
რადიკალურმა ჯგუფებმა საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
მედიის ცნობით, არეულობისას რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
პარიზის გარდა, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები იყო ლიონში, ნანტში, მარსელში, ტულუზასა და რენში. მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, დაარბიეს მაღაზიები და ოფისები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეებმა გარკვეული დროით დაიკავეს სასტუმრო ქალაქ მარსელში.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ სადავო საპენსიო რეფორმის კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილებით ისარგებლა, რომლითაც მას შეუძლია პრემიერ-მინისტრს სთხოვოს, კანონი კენჭისყრის გარეშე მიიღოს.
ახალი საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-იდან 64 წლამდე გაიზრდება.
💬 "Les policiers n'allaient pas au contact gratuitement"
➡ Le témoignage de Jérôme Durain, sénateur PS et observateur au sein de la BRAV pic.twitter.com/tSAhxfdRh7
— BFMTV (@BFMTV) May 1, 2023