“საქართველო იყენებს ყველა პლატფორმას, სადაც შესაძლებელია, ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატაროთ”

39
spot_img

საქართველო იყენებს ყველა შესაძლებლობას, პლატფორმას, სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატაროთ. ეს არის მიზეზი, მიზანი, თუ რატომ ვიმყოფებით ქალაქ სკოპიეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, გაუგებარია აჟიოტაჟი, რომელიც ეუთო-ს მინისტერიალზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით არის შექმნილი.

„ჩემთვის გაუგებარია საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი, რომელიც საქართველოში ოპონენტების მხრიდან არის შექმნილი. ჩემი აზრით, ამაზე კომენტარიც კი არ არის გასაკეთებელი. საქართველო იყენებს ყველა შესაძლებლობას, პლატფორმას, სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატაროთ. ეს არის მიზეზი, მიზანი, თუ რატომ ვიმყოფებით აქ, ასევე ჩვენი დამოკიდებულება, პატივისცემა თავად ორგანიზაციის მიმართ, რომელიც ძალიან ღირებულ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. სხდომაში მონაწილეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ლავროვის მონაწილეობის გამო, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და უკრაინამ.