რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდეს ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რაც უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იარსებებს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი.
„რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდეს ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია. მთელ მსოფლიოში ისიც არსებობს, რომ დიდი ბიზნესი და პოლიტიკა არ არიან ერთმანეთისგან ჩამოშორებული, მაგრამ, რაც მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იარსებებს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი. ეს არის ის, რაც შემიძლია თქვენ გისურვოთ“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რომ უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა მიიღოს ჩვენი პროდუქტი.
„ვიცი, აქ ვინც ხართ, ახსნაც არ არის საჭირო, თუ რამდენად სჭირდება ამ ქვეყანას ევროპასთან დაახლოება, გზის ბოლოს კი ევროკავშირში გაწევრიანება. თქვენ სწორედ იმ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ხართ, რომლის მომავალი და განვითარება დამოკიდებულია, ერთი მხრივ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან მჭიდრო კავშირზე, ასევე მათ აქ შემოსვლაზე, ევროკავშირის ბაზარზე უფრო აქტიურად გასვლაზე. ჩვენ კი გვაქვს თეორიულად მოცემულობა, რომ ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკაში ეს არ არის ისე გამოყენებული, როგორც ამის შესაძლებლობა არსებობს. მეტი დაფინანსება სჭირდება, მეტი მხარდაჭერა, რომ ევროკავშირის სტანდარტები იყოს შესრულებული. უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა მიიღოს ჩვენი პროდუქტი. ამ ყველაფერს მეტი გავრცობა უნდა და ბიზნესის ინფორმირება“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.