„შუა დერეფნის” მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, უფრო მეტად იზრდება”

32
spot_img

„CAREC-ის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ყველა მონაწილე ქვეყნის სტრატეგიული არჩევანია. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სააგენტოებისა და განვითარების პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, CAREC უფრო დიდ წვლილს შეიტანს რეგიონულ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში,” – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალის დასკვნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გენადი არველაძის განცხადებით, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია გადამწყვეტია მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და მოქნილობის გასაზრდელად. „ამ კონტექსტში, „შუა დერეფნის” მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, უფრო მეტად იზრდება,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მომზადდა არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა, რომელიც შუა დერეფნის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენი დერეფანი თავისი არსით მულტიმოდალურია, რაც დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, რადგან ის მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის ინტეგრაციასა და გამართულ მუშაობას. მიუხედავად ამისა, შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს საშუალებას აძლევს, დივერსიფიკაცია გაუწიოს სავაჭრო ნაკადებს და მეტ ბაზრებზე გავიდეს. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა ეყრდნობა სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა დრო, ღირებულება, საიმედოობა, უსაფრთხოება და დაცულობა,” – აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, შუა დერეფანი ერთ-ერთი უმოკლესი და სწრაფი სატრანსპორტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის და ოკეანის მარშრუტთან შედარებით, ეს დერეფანი 15-25 დღით ამცირებს ტრანსპორტირების ხანგრძლივობას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამჭოლი ტარიფების დაწესებამ შუა დერეფნის მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა უსაფრთხოება და დაცულობა, რაც, მისი თქმით, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება. „შუა დერეფანი მოიცავს პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნებს, რაც მას ერთ-ერთ პერსპექტიულ და სწრაფად განვითარებად სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს,” – აღნიშნა გენადი არველაძემ.

„ევროპასა და ჩინეთს შორის საქონლის უმეტესი ნაწილის ტრანსპორტირება საზღვაო გზით ხორციელდება. ამ ტვირთნაკადის თუნდაც მცირე ნაწილის შუა დერეფანში გადატანა მნიშვნელოვან გავლენას მოიტანს,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მიერ მიმდინარე სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველო ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის შესაძლებლობებს. „ვიმედოვნებთ, რომ სწორი პოლიტიკით, უფრო ძლიერი კოორდინაციით და შეთანხმებული გადაწყვეტილებებით, შევძლებთ ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას CAREC-ის რეგიონში მდგრადი ზრდის ხელშეწყობის მიზნით,” – აღნიშნა გენადი არველაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. მინისტერიალს დაესწრნენ CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. თბილისში 22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა იყო რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრა.