ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე, ღირებულებების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებასა და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„იმ პირობებში, როდესაც შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, როგორც სტაბილური მარშრუტების ალტერნატივა, მზად ვართ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანზიტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების, ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები, ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას ისახავს მიზნად. მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას. ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე, ღირებულებების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებასა და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.
თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს. მინისტერიალს ესწრებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, ასევე CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები.