ამერიკულ გაზეთში „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რიგი მნიშვნელოვანი ქვეყნები აშშ-სთან დაპირისპირების საკითხში რუსეთსა და ჩინეთს უყურებენ და ყოყმანობენ“ (ავტორი – მისი რაიანი).
გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:
ჯო ბაიდენის გლობალური დღის წესრიგი, საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებისას, მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება იმდენად, რამდენადაც პლანეტის უმსხვილესი განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ თავი აარიდონ სულ უფრო მზარდ დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის და უფრო მეტიც – არის შემთხვევები, როცა ისინი შექმნილ სიტუაციას საკუთარი ინტერესებისათვის, გარკვეული სარგებლის მისაღებად იყენებენ.
როგორც პენტაგონიდან „გაჟონილი მასალები მოწმობს, ასეთი ქვეყნები არიან ინდოეთი, ეგვიპტე, ბრაზილია და პაკისტანი, რომლებიც ხშირად საკმაოდ ორჭოფულ პოზიციას იკავებენ ხოლმე რიგ საკითხებში, რომლებიც უკრაინას ეხება და ეწინააღმდეგებიან (ხელს უშლიან) აშშ-ის კურსის გატარებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს შორის „ლოდინის პოლიტიკას“ ეწევიან, ანუ სხედან და უყურებენ, ვის მხარეს გადაიწევს „სასწორის ისარი“.
აშშ-ის დაზვერვის მიერ მარტის ბოლოს მომზადებულ დოკუმენტში „პაკისტანის რთული არჩევანი“ ნათქვამია: „მარტში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 45 წლის ქალბატონმა ჰინა რაბანი ქჰარმა (რომელიც ადრეც, 2011-2013 წლებშიც იყო ქვეყნის ცენტრალური დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი, 33 წლის ასაკში) განაცხადა, რომ მისი სახელმწიფოს „მეტად აღარ შეუძლია ე.წ „ოქროს შუალედის“ დაცვა პეკინსა და ვაშინგტონს შორის“. მან აღნიშნა, რომ პაკისტანი მზადაა სტრატეგიული პარტნიორობისათვის ჩინეთთან“.
კიდევ ერთ დოკუმენტში, რომელიც თებერვალშია მომზადებული, აღწერილია სიტუაცია პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შაჰბაზ შერიფის მიერ ჩატარებული თათბირის დროს: იხილებოდა საკითხი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო პაკისტანის დელეგაცია გაეროში უკრაინის ომთან დაკავშირებით (რუსეთის აგრესიის დაგმობის რეზოლუციასთან მიმართებით) და რამდენად მოსალოდნელი იყო აშშ-ის ზეწოლა იმ დროს, თუ პაკისტანი ვაშინგტონის სასარგებლო მხარეს არ დაიკავებდა. როგორც ცნობილია, საბოლოო ჯამში, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თავი შეეკავებინა რეზოლუციის მხარდაჭერისაგან – პაკისტანი იმ 32 ქვეყანას შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს და ამით აჩვენეს, რომ ისინი აშშ-ის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.
ასეთივე კურსს ატარებს ინდოეთიც. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკიტხებში აჯით დოვალმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან მოლაპარაკების დროს ნიუ დელიში განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს რუსეთს.
„გლობალური სამხრეთის“ (აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილი) ქვეყნების ლიდერები სამ მეტოქეს (რუსეთი, ჩინეთი, აშშ) დაპირისპირებაში დიპლომატიურ ხიდის როლის შესრულებას ცდილობენ. ასეთია, მაგალითად, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელიც თავისი წინამორბედის, ჟაირ ბოლსონარუს იზოლაციონისტური კურსისაგან განსხვავებით, ცდილობს ბრაზილიის მიერ გლობალური პოლიტიკის გატარებას. სხვათა შორის ამერიკის დაზვერვამ უკვე იცოდა, თუ რა კონფიდენციალურ საკითხები უნდა განეხილა ლუის ინასიუს თავის ჩინელ კოლეგასთან სი ძინპინთან აპრილში, პეკინში დაგეგმილი ვიზიტის დროს – შექმნილიყო „მსოფლიოს ქვეყნების სამშვიდობო ბლოკი“ უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით. ბრაზილიის პრეზიდენტმა ძალიან გააბრაზა ნატოს ქვეყნები თავისი განცხადებით, რომლის თანახმად, ნატო ხელს უწყობს ომის გაჭიანურებას და რომ რუსეთს, სავარაუდოდ, შეუძლია უარი თქვას რიგ დაკავებულ ტერიტორიებზე, მაგრამ შეინარჩუნოს ყირიმი და დონბასი (რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი ეწინააღმდეგება).
ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა მხარი დაუჭირეს ლუის ინასიუ სილვა და ლულას გეგმას. სხვათა შორის, ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა მიიღო და ესაუბრა რუს მინისტრს სერგეი ლავროვს. კიდევ ერთი მომენტი: ბრაზილიის მთავრობა მიესალმა თავის ნავსადგურ რიო-დე-ჟანეიროში აშშ-ის მეტოქის – ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ორი ხომალდის „მაკრანისა“ და „დენას“ ვიზიტს მარტის დასაწყისში. პენტაგონის აზრით, პრეზიდენტმა ლუის ინასიო სილვა და ლულამ პირადად დაუჭირა მხარი გემების შესვლას რიოს პორტში და ამით იგი შეეცადა ეჩვენებინა როგორც თავისი გლობალური შუამავლის რეპუტაცია, ასევე ბრაზილიის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სახე. ცხადია, ამაში არ იგულისხმება ირანთან სამხედრო ურთიერთობის გაფართოება, თუმცა შესაძლოა, თეირანს ამის იმედი აქვს.
აშშ-რუსეთის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავედ აისახება ეგვიპტეზე, რომელიც ვაშინგტონისაგან ყოველ წლიურად დახმარების სახით ერთ მილიარდ დოლარს იღებს, მაგრამ ასევე სურს ურთიერთობის განმტკიცება რუსეთთანაც. მოსკოვი ეგვიპტეს ქვეყანაში პირველ ატომურ ელექტროსადგურს იაფად უშენებს და ჰპირდება, რომ სამხედრო ტექნიკასაც საკმაო შეღავათებით მიაწოდებს. ქაირო „ორ ცეცხლს შორის“ მოხვდა და დროებით უკან დაიხია: „რაკეტების გარიგების“ გამჟღავნების შემდეგ (ეგვიპტეს რუსეთთან 40 ათასი რაკეტის დამზადების კონფიდენციალური კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული) ქაირომ დროებით უარი თქვა რუსეთთან თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ აშშ-ის დაკვეთას შეასრულებდა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების გამოშვებაზე.
არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი გეგმავდა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების ალიანსი წევრები, ბრაზილიისა და მექსიკის ჩათვლით, საერთო ფრონტით გამოულიყვნენ აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ უკრაინის საკითხში.
როგორც კარნეგის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი მათიას სპექტორი ამბობს, განვითარებადი ქვეყნები თავიანთი პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობენ იმ მომენტში, როცა ამერიკა სიძნელეებს აწყდება, ჩინეთი კი პოლიტიკურად და ეკონომიკურად სულ უფრო მეტად აქტიურობს, რუსეთი კი, სანქციების მიუხედავად, ბრძოლას აგრძელებს. „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნები ფრთხილად მოქმედებენ.
„ეს ქვეყნები, ბუნებრივია, ამერიკას ფრთხილად შესცქერიან, რადგან ის მათზე ძლიერია [და ხელსაყრელ შემთხვევაში გაურბიან]. როცა თქვენ მამონტთან გაქვთ საქმე, არ აქვს მნიშვნელობა, ვის მხარესაა იგი. მამონტი მოდის, მიწა ზანზარებს და თქვენ მისგან თავის არიდებას ცდილობთ“, – ამბობს მათიას სპექტორი.