იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე.
მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას. ჩხაიძის ვარაუდით, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს.
როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში.
„47-ე კვირა გამოირჩევა იმ თვალსაზრისით, რომ აღარ არის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის წამყვანი არც გრიპი, არც კორონავირუსი არ არის. ბოლო კვირის განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. შესაბამისად, ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსებით სიჭარბით, განსხვავებით მაგალითად, წინა ორი კვირისაგან, როდესაც გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი, 2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები. მაგალითად: თუ ახლა 2023-2024 წლის განმავლობაში ინციდენტობა, ანუ 100 000-ზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 12 000 ათასი ბოლო კვირას, ანალოგიურ პერიოდში, ერთი წლით ადრე, ამ შემთხვევების რაოდენობა 47 000-ს აღწევდა, ანუ 3-4-ჯერ ნაკლებია ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას, უბრალოდ, სავარაუდოდ, გადაიწევს შემთხვევათა მატების პიკი და ალბათ, აციების კვალდაკვალ, რომელიც საქართველოში მოსალოდნელია ამ დღეების მანძილზე გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადების შემთხვევებიც მოიმატებს, დეკემბერი და იანვარი, ისე, როგორც გვქონდა სტატისტიკის მიხედვით ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქნება გრიპის შემთხვევების უფრო მეტი რაოდენობა და მაქსიმუმს, ალბათ, სწორედ ამ პერიოდში ველოდებით (დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში)“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
გარდა ამისა, მან ქვეყანაში არსებულ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში რისკი ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა არის შემოტანილი.
„ჩემთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ საქართველოში 200 000 დოზა არის შემოტანილი რისკჯგუფებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა ახლა, თუ გავითვალისწინებთ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ნოემბრის ბოლოსაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება უკვე დროულად, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ იწყება მაქსიმალური დაცულობა ორგანიზმის, ეს ორი კვირა, საბედნიეროდ, ახლა გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, ვინც რისკი ჯგუფს მიეკუთვნება, ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, დიაბეტის მქონე, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის პრევენციის თვალსაზრისით.
ქვეყანაში ორი ტიპის ვაქცინა არის შემოსული: ფრანგული და ჰოლანდიური, რომელიმეს სანდოობაში ეჭვის შეტანა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არის ნაკლები ინფორმირებულობა, ვინაიდან ორივეს ვაქცინა ერთი ტიპის არის, ოთხი ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ გვიცავს. ორივე ვაქცინა ევროპული სერტიფიკატის მქონეა, ორივე ვაქცინა რეკომენდებულია სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ასე რომ, ასეთი ემოციური შეფასება, რომ რახან უფასოა, არის ნაკლებად ხარისხიანი, აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.