40 000 ხელმომწერი არის მანიფესტზე, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ პარტიას გამოსავლის სახით, ამას არაფრად აგდებს მენეჯმენტის არცერთი წევრი -ნიკა მელია

104
spot_img

საზოგადოებამ იხილა მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოდან ხალხი არ უნდა გარიცხულიყო. დარწმუნებული ვარ, ბევრი თვალსაზრისით ძალიან მოზომილი ნათქვამი იყო ეს, მაგრამ ამ დროს ვნახეთ, მეორე მხრივ, პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ძალიან აბუჩად იგდებს პარტიის ათიათასობით წევრს და იმუქრება „მგლის ბილეთების“ გადაცემით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ეს ერთობა სადღაც დაირღვა მაშინ, როდესაც პარტიის წევრები პარტიის პოლიტიკური საბჭოდან გაყარეს.

„ეს, უპირველეს ყოვლისა, მას აკნინებს, სხვას არავის. ერთობის საკითხი აქტუალურ დღის წესრიგში რატომ დადგა? ე.ი. ეს ერთობა სადღაც დაირღვა მაშინ, როდესაც პარტიის წევრები პარტიის პოლიტიკური საბჭოდან გაყარეს. როდესაც შეცდომის გამოსწორება გინდა, ეს შეცდომა უნდა აღიარო. როდესაც პრობლემის მოგვარება გინდა, ეს პრობლემა უნდა დაინახო. როდესაც შენ არა თუ კრიზისს, არამედ პრობლემასაც არ აღიარებ პარტიაში, არადა პასუხისმგებელი ხარ პარტიის მენეჯმენტზე, ბუნებრივია, შენ არ გინდა ერთობა. პარტიის 40 000 ხელმომწერი არის მანიფესტზე, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ გამოსავლის სახით, არაფრად არ აგდებს მენეჯმენტის არცერთი წევრი. სურთ თუ არა მათ, ასახონ ხალხის ინტერესი, სურთ თუ არა მათ ხელისუფლების ცვლილება, რეალობის დანახვა ისეთად, როგორიც არის, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა გაგვცეს მენეჯმენტმა. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ცხრა თვის მანძილზე ამ ადამიანებს, პარტიის ხლეჩის გარდა, არაფერი უკეთებიათ. თუ რა იდგა ამის უკან, რა განზრახვა, რა შორს მიმავალი გეგმა იყო, მომავალი ამაზე პასუხს გაგვცემს. დღეს ეს ადამიანები იქცევიან ისე, როგორც ეს აწყობს ხელისუფლებას, მათ წისქვილზე ასხამს წყალს ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. ჯერ მანიფესტზე საუბარი არ არის, არავის უნახავს მანიფესტი. აქ საუბარია იმ ნებაზე, რომელსაც არ გამოხატავს მხარე, უკვე ცხრა თვეა“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის მენეჯმენტში ერთობის აუცილებლობას არც ხედავენ.

„პრობლემას არ აღიარებენ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები, მნიშვნელოვანია, ხალხი არ გარბოდეს, მზერა არ ჰქონდეს ხალხს ქვეყნიდან გაქცევაზე. ამას სჭირდება გულწრფელი პოლიტიკის კეთება, თვითმყოფადობა. ამას სჭირდება ხალხისთვის იმის ჩვენება, რომ მე, პოლიტიკოსი, ჩვენ, პოლიტიკოსები თქვენნაირები ვართ, თუ შენ არ ხარ გულწრფელი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, წარმატებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გაკეთებული გვაქვს ჩვენი ჟესტი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ჩიხი გადაიქცეს გამზირად, ეს თრომბი გაიხსნას, პარტიის 40 000  ამომრჩეველი ინიციატივას ხელს აწერს. ნაწილობრივ მაინც უნდა გაითვალისწინონ ან უბრალოდ უნდა განიხილონ. არც ერთს აპირებენ, არც მეორეს, მაგრამ ჩვენთვის მიზანი რჩება უცვლელი – პოზიტიური ცვლილებები ამ ქვეყანაში. ეს ცვლილებები ამ ქვეყანაში მოვა ამა თუ იმ გზით, დარწმუნებული ვარ. სადაც იქნება სიმართლე, იქ იქნება ათიათასაობით პატრიოტი ადამიანი. სამწუხაროდ, ეს სიმართლე დღესაც კი დავინახეთ, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს „მგლის ბილეთებით“ ესაუბრებიან“, – განაცხადა მელიამ.