პრეზიდენტის განცხადებით, ვაკის პარკში ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს ისტორია ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს

100
spot_img

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვაკის პარკში ბოლშევიკების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს ისტორია ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.

როგორც მან ვაკის პარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ახლა არ არის დაპირისპირებისა და დაყოფის დრო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ ასეთ საკითხებზე ვერ მოხდება გაერთიანება, „მაშინ საქმე ცუდად არის“.

„ამ ადამიანების ისტორია ჩვენს ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, სხვანაირად ჩვენ ვერ გავზრდით მომავალ თაობას, რომელიც რეალურად დაიცავს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და გააძლიერებს მას. ეს ამ ქვეყანას ნამდვილად გახდის ისეთ ძლიერს და ისეთ მისაბაძს, როგორიც ჩვენ ყველას გვსურს და როგორიც სურდათ მათ, ვინც იბრძოდნენ. ეს სკოლებში უნდა ისწავლებოდეს და ჩვენ ყველანი პატივს უნდა მივაგებდეთ. მგონია, რომ დღეს ეს უნდა ყოფილიყო ეროვნული სულის გამოხატულება, ყველა აქ უნდა ყოფილიყო. დღეს არ არის დაყოფის, დაპირისპირების დღე. აქ არანაირი პოლიტიკური, იდეოლოგიური ან სხვა ფორმის მიკერძოება არ შეიძლება არსებობდეს. ასეთ საკითხებზე თუ ვერ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია წარსულზე, მომავალზე გაერთიანება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ვაკის პარკში განთავსდეს ყველა იმ მებრძოლის და გმირის მემორიალი, ვინც სამშობლოს შეეწირნენ.

„მინდა გავიხსენო ის შემოთავაზება, რაც მაქვს და ჯერ პასუხი არ მიმიღია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ აქაც ერთ მშვენიერ დღეს პასუხს მე თუ არ მივიღებ, საზოგადოება მიიღებს. მგონი, ვაკის პარკი, სადაც არსებობს უკვე მეორე მსოფლიო ომის მემორიალი, ამ მემორიალის ხეივანზე ცალ-ცალკე და ერთად უნდა გაერთიანდეს ყველა მემორიალი იმიტომ, რომ როდესაც ბავშვები ვაკის პარკში შემოვლენ, მხოლოდ სათამაშოებისკენ კი არ უნდა იხედებოდნენ, უნდა გაიცნონ და ისწავლონ, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ის მთავარი ფურცელი, რითაც დღემდე მოვედით. ეს რომ ვიცით და ვხედავთ, მერე ვგრძნობთ, რომ ჩვენ სხვა გზა და სხვა ვალდებულება არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად და გავუძლოთ ყველა მტერს, როგორც გუშინ გაუძლეს, თუნდაც სიკვდილით, მაგრამ გავუძლოთ ყველა მტერს მომავლისთვის”,-განაცხადა პრეზიდენტმა.