როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები, – ასე ეხმიანება მამუკა მდინარაძე ოპოზიციის რეზოლუციას, რომელიც ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.
მდინარაძე აცხადებს, რომ ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია იყო თანხმობის დოკუმენტი წლების წინ, რადგან კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერა და თუ ამ კრიტერიუმებში ჩაჯდება და საშუალება იქნება კონკრეტულ ადამიანს მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრალი წარედგინოს, ეს ისედაც მოხდება და ამას არანაირი რეზოლუცია არ სჭირდება, თუმცა, მდინარაძე აცხადებს, რომ „ოკუპაციის პირობებში ხშირად ამის საშუალება არ არის ხოლმე“.
„ხალხო, ისე ნუ გამოიყვანთ, რომ მე ვიცავ ვიღაც ნაძირალას, რომელმაც კაცი მოკლა, თქვენ გინდათ ასე გამოიყვანთ. ერთი კრიტერიუმებია და თუ მოხდა ისე, რომ იდენტიფიცირება იმგვარად მოხდა, რომ მტკიცებულების სტანდარტი დააკმაყოფილოს, ავტომატურად შევა, თქვენი და ჩემი აღტყინება აღარ იქნება საჭირო და მეორე – ზოგადად, რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის საერთაშორისო სამართლებრივ და მსგავს დოკუმენტებს, მათ შორის, ოკუპაციის თემებს, არ მივყვებით. როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან თანაავტორები ოკუპაციის. ახლა ბრაზდებიან და სწყინთ, როცა მათგან გადმოყოლილ მძიმე მემკვიდრეობას ვახსენებთ. 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად შემოუხაზა ოკუპანტებს ტერიტორია, დადგენილება გამოსცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელმაც აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სიტყვა „ყოფილის“ დაყოლებით და დაადგინა მისი საზღვრები, რაც იყო საბჭოთა პერიოდში, მეტი უარესი რა უნდა ექნათ? რატომ გვიწოდებთ თანაავტორებსო და მეტი რა უნდა ექნათ, ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორს, ახალგორიც ამ საზღვრებში მოაქციეს და ძალიან დიდი ტერიტორიები, რომელზეც პრეტენზია არ ჰქონდათ აქამდე, მოაქციეს ამ საზღვრებში და მათაც ეს ტერიტორიები უფრო ადვილად მიიტაცეს,“ – განაცხადა მდინარაძემ.