„უკრაინა ჩიხშია მოქცეული კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ“ – რას წერს „ლე ფიგარო“

130
spot_img

„უკრაინის ხელისუფლება მოახლოებულ ზამთარში რუსების დაბომბვებისათვის ემზადება და შიშობს, რომ დასავლური დახმარება, საბოლოო ჯამში, შეწყდება“, – ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) დაბეჭდილ სტატიაში, რომლის სათაურია „უკრაინა ჩიხშია მოქცეული კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ“ (ავტორი – მარგო ბენი).

გასული ზაფხულის ივნისის თვეში უკრაინის არმიის მიერ დაწყებული კონტრშეტევის მიზანს რსუსუსლი თავდაცვითი ზღუდეების განადგურება, აზოვის ზღვის ნაპირზე გაჭრა და ყირიმ-დონბასის ერთმანეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნის გარღვევა წარმოადგენდა, მაგრამ საბოლოოდ, კიევის ჯარმა წინ მხოლოდ 17 კილომეტრით წაწევა შეძლო და ისიც უდიდესი დანაკარგებით. მიზანი ისევ შორს არის: აზოვის ზღვამდე 100 კილომეტრზე მეტი მანძილია დარჩენილი, რუსეთის არმია კი დაკავებული ტერიტორიების დიდ ნაწილს ისევ ინარჩუნებს.

რუსებმა, რომლებიც ასევე განიცდიან ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდ დანაკარგებს, ბოლო კვირეებში რამდენიმე შეტევა განახორციელეს და ცდილობენ ის სოფლები ისევ დაიბრუნონ, რომელთა გათავისუფლება უკრაინელებმა დიდ წარმატებად ჩათვალეს.

ამჟამად უკრაინის არმიის კონტრშეტევა შეჩერებულია, არმია ერთ ადგილს ტკეპნის და ლოკალურ ბრძოლაზეა გადასული: ჯარისკაცები სანგრებში სხედან, იერიშების სიმძაფრე შესუსტდა და გაიშვიათდა, მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების არტილერიის ბათქა-ბუთქი ისმის. ამასთან კიევი შიშობს, რომ ზამთრის მოახლოების კვალობაზე, რუსეთი ქვეყნის ენეროობიექტების დაბომბვას განაახლებს.

თავდაპირველად დასავლეთი იმედოვნებდა, რომ კონტრშეტევის სედეგად მოსკოვი დიდ დანაკარგებს განიცდიდა და იძულებული გახდებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო, მაგრამ დღეს ეს სტრატეგია უკვე აქტუალური აღარ არის. ნათელია, რომ დასავლეთი შეცდა. თავის მხრივ, უკრაინა საკუთარ წარუმატებლობას იმით ხსნის, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრთხილდება. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსებმა ისეთი დონით დანაღმეს ტერიტორია, რომ სამხედრო ტექნიკას და ქვეით ჯარისკაცებს გადაადგილება უჭირთ, წინ ვერ მიდიან და თუ მიდიან, მხოლოდ ძალიან ნელი ტემპით.

რუსეთის ომით გამოფიტვა არ ხერხდება. ექსპერტები სიტუაციის კონსტატირებას ახდენენ: ვერცერთი მხარე გადამწყვეტ წარმატებას ვერ აღწევს, უპირატესობა არც უკრაინას აქვს და არც რუსეთს. საბოლოო ჯამში, უკრაინელი ჯარისკაცები, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის ნაცვლად, კვლავ ზაპოროჟიესთან ახლოს, სანგრებში და ტრანშეებში სხედან და პოზიციურ ბრძოლაზე არიან გადასულნი.

მაგრამ არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც მოსკოვის სასარგებლოდ მუშაობს: კრემლს სეუძლია ომი უფრო დიდხანს აწარმოოს, ვიდრე უკრაინას. დიახ, რუსეთის არმიის გამოფიტვის იმედი, რაზედაც დასავლეთი ფსონს დებდა, ნაადრევი აღმოჩნდა. არადა, უკრაინას და დასავლეთს ეს ელემენტარული მომენტი უნდა გაეთვალისწინებინა: რუსეთის მოსახლეობა უკრაინის მოსახლეობას სამჯერ ჭარბობს, ხოლო რუსეთის ეკონომიკა ბევრრად უფრო მტკიცე და მდგრადი გამოდგა, ვიდრე ამას დასავლეთი მიიჩნევდა. დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთი სულ უფრო მეტ რაკეტას და ტანკს, ქვემეხს და ჭურვს, ასევე სხვა ცეცხლსასროლ იარაღს ამზადებს. უკრაინის დაზვერვის უფროსმა კირილო ბუდანოვმაც კი აღიარა, რომ შეცდნენ და რუსეთის პოტენციალი სწორად ვერ გათვალეს, 2026 წლამდე პერსპექტივით.

უკრაინა კი საბრძოლო მასალების ნაკლებობას განიცდის, ჰაერში ისევ რუსული ავიაცია და დრონები ბატონობენ, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთმა თავისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები გააუმჯობესა და ამერიკული „ფალკონები“ (F-16-ები), რომელთა მიწოდებასაც კიევი ითხოვს, რუსებისათვის მაინცდამაინც საშიში აღარ არის.

როგორც გენერალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ კორესპონდენტთან საუბარში, უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად უამრავი იარაღია საჭირო – დრონები, რადიოელექტრონული სასუალებები, ტანკსაწინააღმდეგო და საზენტო-სარაკეტო სისტემები… შეძლებს კი დასავლეთი ამ ყველაფრის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით კი აშშ? ვაშინგტონს დღეს ახალი საზრუნავი აქვს ისრაელ-„ჰამასის“ ომის სახით. ევროპელებმა მარტის თვეში უკრაინას ერთი მილიონი ჭურვი აღუთქვეს, მაგრამ ახლა ეჭვობენ, რომ დანაპირებს ვერ შეასრულებენ.

საერთაშორისო დახმარება ულევი არ არის. დადგება, დრო, როცა ახლო მოკავშირეც პრიორიტეტს საკუთარი თავდაცვის განმტკიცებას მისცემს. თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გაჭიანურდება, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მთავრობებისა და მასმედიის ყურადღება კვლავ ისრაელისა და პალესტინისკენ იქნება მიმართული, უკრაინა კი უკანა პლანზე დარჩება.

წყარო