“გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება”

86
spot_img

გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სრულიად ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როდესაც ის მშვიდობაზე გვესაუბრება – დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევისთვის ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაა.

„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები? ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევის და იმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ყველგან, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დაცული, არის საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან. ეს რას იძლევა, გვიჩვენებს მათ შორის ის უმძიმესი ფაქტები, რაც გუშინ ვიხილეთ”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე”.

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.