“სამტრედიის ხიდზე ექსპერტიზას აწარმოებს სამხარაულის ბიურო და თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა დრო სჭირდება კომპლექსური შემოწმებისთვის”

85
spot_img

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა სამტრედია-გრიგოლეთის გზას და იქ არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

მინისტრმა განმარტა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის 51-კილომეტრიანი მონაკვეთი შედგება ოთხი ლოტისგან. აქედან მე-2 და მე-4 ლოტზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია.

„რაც შეეხება მე-3 ლოტს, შეწყვეტილი ხელშეკრულების მიუხედავად, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წარმატებით ვაწარმოეთ საარბიტრაჟო დავა და მოვიგეთ, გამოცხადდა ახალი ტენდერი, ახალი კონტრაქტორი გამოვლენილია და დღეს მიმდინარეობს იქ სამუშაოები. პირველ მონაკვეთზე ორი შეწყვეტილი ხელშეკრულებაა. პირველ შემთხვევაში, ეს იყო კომპანია „ალტკომი“, მეორე შემთხვევაში – კომპანია „აკორდი““, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა განმარტა, რომ მე-3 ლოტზე ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს. რაც შეეხება პირველ ლოტს, სადაც მშენებარე საავტომობილო ხიდზე დაზიანდა ბურჯი, რამაც გამოიწვია ორი მალის ჩამოშლა, მიზეზების დასადგენად ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, რომელსაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ატარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

მინისტრის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა აღდგეს აღნიშნული ხიდი. ამავდროულად, მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. შესწავლის შედეგად, დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით, დაიგეგმება როგორც შემდგომი გადაწყვეტები, ისე პასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის, დეპარტამენტი ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაგეგმავს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს.

ქარსელაძის განცხადებით, ექსპერტიზას აწარმოებს სამხარაულის ბიურო და ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენი ხანი სჭირდება კომპლექსური შემოწმებისთვის.