კრწანისის რაიონს, კერძოდ, ზემო ფონიჭალას ახალი სკვერი შეემატა, რომელიც დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად გახსნა. „კიდევ ერთი სკვერი მოეწყო დედაქალაქში, კერძოდ, ფონიჭალაში. ძალიან სასიამოვნო გარემოა. მახსოვს, როცა სამუშაოები იწყებოდა, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყოს აქ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული პრობლემები იყო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას. კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მოგვიწია მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა. მეორე კომპანიასთანაც ანალოგიური პრობლემა შეიქმნა. მესამე კონტრაქტორის პირობებში დასრულდა პროექტი. მინდა, დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია, ძალიან სასიამოვნო გარემოა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დასახლებულ უბანს შეემატა სკვერი, რომელშიც დიდებისა და პატარებისთვის, ყველასთვის არის გათვალისწინებული შესაბამისი სივრცეები“, – განაცხადა კახა კალაძემ. 13 000 კვ. მ ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სპორტული მოედანი, ველობილიკი, სკეიტ პარკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, შადრევანი და ამფითეატრი. ტერიტორია გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები და სხვადასხვა სახის ყვავილები. სკვერის გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა საბავშვო-გასართობი აქტივობები ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა, ასევე თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე, ასევე, პარლამენტის წევრები – ნოდარ ტურძელაძე და ბექა ოდიშარია.