რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების უკან დასავლეთი დგას. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„მკაფიოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დგას რეალურად ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ხალხის ტრაგედიის უკან, ვინ აწყობს სასიკვდილო ქაოსს და ვინ სარგებლობს ამით. დღეს, ჩემი აზრით, ეს უკვე ყველასთვის ცხადი და გასაგები გახდა. სწორედ შეერთებული შტატების ამჟამინდელი მმართველი ელიტა და მათი სატელიტები არიან გლობალური არასტაბილურობის მთავარი ბენეფიციარები“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს სურს მუდმივი ქაოსი ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ამიტომ, პუტინის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმ ქვეყნების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზის სექტორში.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში მთელი მსოფლიოს, მათ შორის პალესტინელების მომავლისთვის იბრძვის.
„რუსეთი ბრძოლის ველზე იბრძვის ჩვენი მომავლისთვის, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებისთვის, სხვა ქვეყნებისა და ერების თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.