ისრაელმა ღაზას სექტორში ღამით დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
„სექტორში დამატებითი ძალები შევიდა. ჩვენი აქტივობა იქ მხოლოდ გაძლიერდება“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ბოლო ბრძოლის დროს, როდესაც ისრაელის სახმელეთო ჯარები ჰამასის პოზიციებისკენ მიიწევდნენ, დაჯგუფების ათობით შეიარაღებული მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს. მან ტაქტიკური მანევრის ერთ სახეობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვახორციელებთ გაფართოებულ სახმელეთო ოპერაციას. სახმელეთო ჯარები, ტანკები, ქვეითები, ჯავშანტექნიკა მოძრაობენ ტერორისტებისკენ, რომლებიც პოზიციებს იკავებენ ამა თუ იმ კომპლექსში ჩვენზე თავდასხმის მცდელობის მიზნით. შემდეგ მათ ჰაერიდან ვესხმით თავს“, – აღნიშნა ჰაგარიმ.
შეგახსენებთ, ისრაელმა შაბათს განაცხადა, რომ ჰამასის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპზე გადავიდა, კვირას კი განმარტა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციას გააძლიერებენ.