“საქართველოს მთავრობასთან ერთად თბილისში ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას”- ზურაბ პოლოლიკაშვილი

88
spot_img

პანელური დისკუსია „ტურიზმი საზღვრებს მიღმა” (Tourism Beyond Borders: Navigating the Changes) „აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოსვლით გაიხსნა.

პანელურ დისკუსიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ინვესტიციებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობასა და პირობებზე ისაუბრა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმი” იმართება. პანდემიის შემდეგ მსოფლიო და ტურისტული ინდუსტრია ძალიან შეიცვალა. დღეს საქართველო ძალიან კარგი ადგილია ინვესტიციებისთვის. ძალიან კარგი ინვესტიციები სასტუმროებში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, მაგრამ ხალხის გარეშე არაფერი გამოვა. ახლახან უზბეკეთში, სამარყანდში ჩვენ გავხსენით აბრეშუმის გზის უნივერსიტეტი ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას თბილისში. საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნაა ტურისტულ განათლებაზე და ძალიან ხელსაყრელია საქართველოში ინვესტიციების ჩადება სწორედ ამ მიმართულებით”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ტურიზმის განვითარებამ საქართველო ძალიან შეცვალა.

„დღეს ტურიზმს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის ინვესტიციების ადგილი და ქვეყანა, სადაც უნდა დაისვენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, ძალიან მრავალფეროვანია და ნებისმიერი აქტივობისთვის საინტერესოა, აღარაფერს ვიტყვი ქართულ ღვინოსა და სამზარეულოზე. მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს – ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მსოფლიო ტურიზმის დღეს”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.