“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის აქტიური მხარდამჭერი „აბრეშუმის გზის ფორუმის“ – სოსო ფხაკაძე

149
spot_img

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი სპონსორი „აბრეშუმის გზის ფორუმის“, რადგან სწორედ ასეთი ტიპის მასშტაბური ფორუმები, ასეთი ტიპის საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა მსხვილი, საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

„საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვანი ფუნქცია შევასრულოთ ტრანსპორტირების, სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საქმეში. ამ ფუნქციას ჩვენი ქვეყანა ასრულებს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესად და ეფექტიანად შესასრულებლად, საჭიროა სწორედ გლობალური სურათი გავიაზროთ და გავითავისოთ, რა არის ჩვენი როლი, რა არის ჩვენი ფუნქცია ამ ნაწილში. სწორედ ამ ტიპის ფორუმები, სადაც ხდება ახალი კომუნიკაციების შექმნა, მსხვილ კომპანიებთან ურთიერთობა, ამის საშუალებას იძლევა“,- განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა თემატიკაზე იქნება დისკუსიები.

„მათ შორის არის ვაჭრობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ფინანსური ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები, სატრანსპორტო ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა მრავალი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც წესი, ასეთი ტიპის ურთიერთობები იძლევა ახალ საშუალებებს, ქმნის ახალ ფანჯარას როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ამის შემდგომ უკვე იდება და იქმნება ხოლმე ახალი ურთიერთობები კომპანიებს შორის, რაც გადაითარგმნება ახალ ინვესტიციებში. ახალი ინვესტიციები კი, ყველამ ვიცით, რომ არის ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესის შემდგომი განვითარება. ასე რომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბიზნესი ამ ახალ პლატფორმას, ახალ კომუნიკაციებს კარგად გამოიყენებს“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“  მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.

ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.