ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება, არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის შევლენ ძალები პალესტინის ანკლავში, რომელსაც ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ აკონტროლებს, მთავრობის სპეციალური ომის კაბინეტი მიიღებს.
“ჩვენ უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. პარალელურად, ვემზადებით სახმელეთო შეჭრისთვის. არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი. ასევე არ დავაკონკრეტებ, თუ რა გათვლებს ვაკეთებთ, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ძირითადად არ იცის და ასე უნდა იყოს”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისათვის, გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი დათანხმდა შეერთებული შტატების თხოვნას, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია გადაედო, რათა ვაშინგტონმა რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსება შეძლოს.