საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის დედაქალაქში ხვალ დაგეგმილ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.
„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ე.წ. 3+3-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.
23 ოქტომბერს, ორშაბათს აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანში, თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.
სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ – “3+3” შექმნის ინიციატივის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წელს განაცხადა.
აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად 2021 წელს გაიმართა და საქართველო არც მაშინ დასწრებია.
საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.