„რას მოუტანს ზამთარი უკრაინას და რატომ დებს პუტინი ფსონს ტრამპზე“ – The Independent

144
spot_img

ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენთი“ (The Independent) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რას მოუტანს ზამთარი უკრაინას და რატომ დებს პუტინი ფსონს ტრამპზე“ (ავტორი – ენდი გრეგორი). მასალაში გამოთქმულია ექსპერტთა მოსაზრებები, რომელთა თანახმად, უკრაინაში ომი შესაძლოა 2024 წლამდე „პატურ სიტუაციაში“ დარჩეს, რადგან სიტუაცია ჩიხში შედის და კიევის კონტრშეტევის იმედები ქრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

უკრაინისათვის დასავლური დახმარების დაყოვნებამ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ მოსკოვმა დრო თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ძლიერი თავდაცვითი ზღუდეები ააგო – ისეთი, რომლებმაც უკრაინის არმიის მრავალთვიან ინტენსიური შეტევებს გაუძლო. მთავარი, რაც კიევს დღეს აკლია (სხვათა შორის, მოსკოვსაც), ეს არის საბრძოლო მასალები. ორივე მოწინააღმდეგე არმია ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალების დეფიციტს განიცდის: მათი ხარჯვა უფრო მეტად ინტენსიურია, ვიდრე მომარაგება.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პერსპექტივის გათვალისწინებით, რომელიც, სავარაუდოდ, დიდ გავლენას მოახდენს ვაშინგტონის – უკრაინის უდიდესი მოკავშირის პოლიტიკაზე, თანაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების პირობებში, ვლადიმერ პუტინის სტრატეგია, სავარაუდოდ, იმით იქნება გამოხატული, რომ ფრონტის ხაზის ამჟამინდელი მდგომარეობა შეინარჩუნოს და „შედარებით მშვიდად გამოიზამთროს“.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უკრაინისა და რუსეთის ჯარების საომარი ტემპი, შემოდგომა-ზამთრის კლიმატური პირობების გამო, სავარაუდოდ, ახლო მომავალში შემცირდება: უგზოობის გამო სამხედრო ტექნიკას მანევრირება გართულდება.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რას მიაღწია უკრაინამ წლევანდელ ზაფხულს დაწყებული კონტრშეტევით, რომელიც მეხუთე თვეა გრძელდება?

„ფრონტის ხაზის სტრატეგიული გარღვევა არ მომხდარა, უკრაინის არმიამ მხოლოდ ზოგიერთ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია – დაბალი დონის ოპერატიული მნიშვნელობით“, – ასე პასუხობს ამ კითხვას პატრიკ ბერი, ბათის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომერსეტის საგრაფო) დოქტორი, რომელიც დიდი ბრიტანეთის არმიის ოფიცერია და ნატოში ანალიტიკოსად მუშაობდა. მისი თქმით, „გასულმა ზაფხულმა აჩვენა, რომ უკრაინის არმია კარგად იბრძვის ასეულის დონეზე (რაოდენობა დაახლოებით 100 ჯარისკაცი), მაგრამ როცა ბრძოლაში უფრო დიდი ქვედანაყოფი ერთვება, ვთქვათ, ბატალიონი, აშკარად ჩანს, რომ მეთაურობას მოქმედების კოორდინაციის გამოცდილება აკლია“.

„იმ დროს, როცა ამერიკა უკრაინისათვის „ფალკონების“ (F-16-ების) მიწოდებას აგვიანებს, რუსეთის ავიაცია ჰაერში ბატონობას ინარჩუნებს. ავიაგამანადგურებელ F-16-ების მართვა უკრაინელი პილოტებისათვის იოლი არ არის და რადგან მფრინავების მომზადებას დრო ჭირდება, ამიტომ, სავარაუდოდ, 2024 წლისათვის ვითარება „პატურ სიტუაციაში“ დარჩება. ვფიქრობ, ბრძოლის ველზე რაიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილება, ალბათ, არ მოხდება“.

სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით პატრიკ ბარს ეთანხმება პორტსმუტის უნივერსიტეტის დოქტორი ფრენკ ლედვიჯი, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელიც ერთმანეთს ადარებს უკრაინისა და რუსეთის არმიების ტაქტიკურ მონაცემებს: „დიახ, სიტუაცია პატურია, შეიძლება ითქვას, ჩიხშია შესული. ყველაზე ელემენტარული სამხედრო ალგორითმების მიხედვით, უკრაინის არმიამ კონტრშეტევის დროს წარმატებას რომ მიაღწიოს, რუსების ჯარს სამჯერ უნდა აღემატებოდეს და რადგანაც ამას ვერ ვხედავთ, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ უახლოეს ხანში კიევი რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს“.

დოქტორი ფრენკ ლევიჯი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ფრონტზე სიტუაციას ვერც ამერიკული თვითმფრინავების – F-16-ების გამოჩენა ვერ შეცვლის. იგი იხსენებს პირველი მსოფლიო ომის საომარ მომენტებს და ამბობს, რომ დასავლეთის ფრონტზე გარდატეხა და გარღვევა მოკავშირეების სასარგებლოდ მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა 1917 წელს ევროპაში ამერიკის ორმილიონიანი არმია გამოჩნდა. ამიტომ, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ, ამჟამად შექმნილი ვითარების ფონზე, გაბედულება გამოიჩინოს და თქვას, რომ უკრაინა უახლოეს ხანში რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკან დაიბრუნებს“.

თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ჯეიმს ნიქსი, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის „ჩეთემ ჰაუსის“ (Chatham House) დოქტორი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის არმიას ჯერ კიდევ შეუძლია მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, ვთქვათ, ყირიმის მიმართულებით, სამხრეთის ფრონტზე. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი „ვა-ბანკზე“ მიდის და რუსი ჯარისკაცების სიცოცხლეს არ უფრთხილდება, ტოტალური ომის პრინციპით მოქმედებს“. ჯეიმს ნიქსიც ეთანხმება იმ აზრს, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე გავლენა რომელიმე საერთაშორისო ფაქტორმა მოახდინოს.

კრემლს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება. „ვლადიმერ პუტინი ფსონს დებს აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის დაბრუნებაზე“, – ამბობს ჯეიმს ნიქსი. რუსეთის პრეზიდენტი ასევე იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებული ომი უფრო გაფართოვდება და მასში „ჰეზბოლაც“ ჩაერთვება, სავარაუდოდ, ირანიც. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის რესურსები და ფინანსების ნაკადი უკრაინიდან ისრაელისაკენ გადაინაცვლებს.

თუმცა ჯო ბაიდენმა უარყო მსგავსი პერსპექტივა და CBS New-ის ეთერში განაცხადა, რომ ამერიკა მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოა და არავის დახმარების გარეშე არ დატოვებს: „ჩვენ გვაქვს ვალდებულებაც და შესაძლებლობაც. ჩვენ თუ არა, აბა სხვა ვინ?“, – რიტორიკულად იკითხა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დოქტორები პატრიკ ბერი და ფრენკ ლედვიჯი თანხმდებიან იმაში, რომ მეორე კონფლიქტის გაჩენას ნამდვილად აქვს აშშ-ის დასუსტების პოტენციალი და თუ უკრაინის ომი ჩიხში შევა, ეს რუსეთის პრეზიდენტს „ძალიან აწყობს“.
„ვლადიმერ პუტინის სტრატეგია – ეს არის მოლოდინი. მან მოხერხებულად ისარგებლა ბირთვული იარაღის „ჟღარუნით“ და აშშ-სა და გერმანიას უკრაინისათვის ავიაციისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდება გააჭიანურებინა“, – ამბობს პატრიკ ბერი.

„და ამ ყველაფერმა რუსეთს შესაძლებლობა მისცა ძალიან კარგი თავდაცვითი ზღუდეები აეშენებინა, რითაც უკრაინას სიტუაცია გაურთულა“, – ამატებს ფრენკ ლედვიჯი.

წყარო