პრინციპული არჩევანის არსი იყო არა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ დამნაშავე პოლიტიკური ძალის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, იმ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ გაძლიერების არდაშვება – ეს იყო მაშინ ჩვენი მოტივაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა იმედები არ გაამართლა და პირდაპირ შევიდა ალიანსში იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს მას ხმა მეორე ტურში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2022 წელს, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, მაშინ მმართველმა გუნდმა არ აღძრა იმპიჩმენტის პროცედურა.
„ჩვენ გვქონდა იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულად გაუძღვებოდა იმ საქმეს, რომელიც ჩაბარდა, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცეები, სამწუხაროდ, მან იმედები არ გაამართლა და პირდაპირ შევიდა ალიანსში სწორედ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს მას ხმა მეორე ტურში, შეიწყალა კრიმინალები, ვისაც ეშინოდა თავის დროზე, მის ამომრჩეველს. ამის შემდეგ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილმა ეს იმედები არ გაამართლა. ახლა იყო თუ არა ამის დრო, აქ ბორელის განცხადებები იყო ნახსენები. გახსოვთ, რომ ერთხელ უკვე დავტოვეთ რეაგირების გარეშე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, შარშან, 2022 წელს, მან ასევე დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთეთ. აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ ის უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, თუმცა, მაშინ არ აღვძარით იმპიჩმენტის პროცედურა, მაგრამ როდესაც უკვე ამ დარღვევამ მიიღო სისტემატური და სისტემური ხასიათი, ჩვენ სხვა გზა უბრალოდ აღარ დაგვრჩა. პრეზიდენტი ამ დარღვევებით უპირისპირდებოდა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წესრიგს, არამედ, უპირისპირდებოდა სწორედ ევროინტეგრაციის ინტერესს. დღეს ის არის ალიანსში კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. თქვენ იცით, რა სულისკვეთებით მოქმედებს ეს პოლიტიკური ძალა, მათ არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ზუსტად იგივე სულისკვეთებით მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ეს იყო ის დრო, როცა ჩვენ უნდა მოგვეხდინა რეაგირება მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და კონსტიტუციური წესრიგის მიღმა გასვლის მცდელობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.